„რამდენიმე დღეში, როგორც შპს ტელეკომპანია „მაესტროს" დირექტორი, დავიწყებ ამ სახელით მაუწყებლობას!", - ეს განცხადება „მაესტროს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბაჩო კიკაბიძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა:
„მიდის ნარატივი, თითქოს ტელეკომპანიის დირექტორად დაინიშნა ლევან გაჩეჩილაძე. ლევან გაჩეჩილაძე დაინიშნა შპს-ს დირექტორად და არა ტელეკომპანიის.
სავაჭრო ნიშან „მაესტროს" დარეგისტრირება მოხდა ჩემს მიერ 2011 წლის 29 დეკემბერს, როდესაც ვიყავი ტელეკომპანია „მაესტროს" დირექტორი. ეს სახელი მოფიქრებული იყო ჩემი და ჩემი მეგობრების მიერ. როდესაც მე წავედი შპს „სტუდია მაესტროს" დირექტორობიდან, ახალ მენეჯმენტს შევუთანხმდი, რომ ამ სახელის გადარეგისტრირებას მოვახდნდი იმ კომპანიაზე, რომელიც ჩამოვაყალიბე მე-შპს ტელეკომპანია „მაესტროზე". სიტყვიერად შევთანხმდით ახალ მენეჯმენტთან და დავუტოვე მათ უფლება ამ სახელის გამოყენების, რადგან მაშინდელი დამფუძნებლების პროცენტული გადანაწილება და მენეჯმენტი არ მაძლევდა საშუალებას ამეკრძალა. ამის შემდეგ, შპს ტელეკომპანია „მაესტროთი" გავიარე ავტორიზაცია, მივმართე მარეგულირებელ კომისიას და შევატყობინე, რომ მქონდა სურვილი საკუთარი ტელეკომპანიის გაკეთების.
ბოლო დროს განვითარებული მოვლენების საფუძველზე, უახლოეს დროში მე უნდა დავიწყო „მაესტროს" სახელით მაუწყებლობა. მე უკვე მივმართე მარეგულირებელ კომისიას. მქონდა კონსულტაციები ქალბატონ მაკასთან. შევთანხმდით შენობასთან დაკავშირებით, ასევე ყველა იმ აღჭურვილობაზე, რაც საჭიროა მაუწყებლობისთვის. ასევე ამ სახელწოდების თანაავტორებთან ვისაუბრე. რამდენიმე დღეში, როგორც შპს ტელეკომპანია „მაესტროს" დირექტორი, დავიწყებ ამ სახელით მაუწყებლობას.
მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვინც ტელეკომპანია „მაესტროში" მუშაობდა, აუცილებლად შევხვდები მათ. შევთავაზებ მათი პროფესიის და გამოცდილების მიხედვით ჩემთან თანამშრომლობას. ასევე მივმართავ მამუკა ღლონტს, მიიღოს „მაესტროს" მართვაში მონაწილეობა", - განაცხადა ბაჩო კიკაბიძემ.