ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" განაცხადა, რომ გურიაში „ნაციონალურ მოძრაობას" მხოლოდ 3-პროცენტიანი რეიტინგი აქვს.
„მე ვფიქრობ, რომ გურულებს ყველაზე კარგი ანალიზი აქვთ გაკეთებული. „ნაციონალურ მოძრაობას" მხოლოდ 3% აქვს გურიაში. ვფიქრობ, ყველაზე სწორი შეფასება გურულებს აქვთ", - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრის მიზანია არა ანალიზის გაკეთებაში დახმარება, არამედ ანალიზის ერთობლივად გაკეთება.
„იმედი მაქვს, დღეს უფრო მეტს ვისაუბრებთ სწორედ პოლიტიკაზე, პოლიტიკურ პარტიებზე. მე გურიაში უფრო გამიადვილდება, სწორი აქცენტები გავაკეთოთ ყველა პოლიტიკურ ძალაზე, რომელსაც პრეტენზია აქვს, ქვეყნის მართვაში მოვიდეს და სწორი მიმართულებით წაიყვანოს სახელმწიფო", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.