ავტორი ანა ფერაძე
რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა გოჩა ენუქიძემ „რეპორტიორთან" საუბრისას, თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მისი მთავარი საზრუნავი რეგიონის სწრაფი განვითარება იქნება.
გოჩა ენუქიძემ აღნიშნა, რომ იმ რაიონებში, სადაც მაჟორიტარობისთვის იბრძვის, ხალხი მის მიმართ კეთილგანწყობილია და დარწმუნებულია გამარჯვებაში.
- როგორია საარჩევნო გარემო იმ ოლქებში, სადაც თქვენ კენჭს იყრით?
- მოგეხსენებათ, „ქართული ოცნების" ხუთი გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი ვარ. საარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ვცდილობ, ყველას გავაცნო ჩვენი სამომავლო გეგმები, ვინიშნავ ყველა საკითს, პირადად მივდივარ ადგილზე და დეტალურად ვეცნობი პრობლემას.
2 მოწვევის პარლამეტარი ვიყავი და ამბროლაურის რაიონს წარმოვადგენდი. არის საკითხები, რომელიც დაგეგმვას და ანალიზს საჭიროებს. მე ჩემი ამომრჩევლის იმედი მაქვს და ვინც იცის, თუ რამდენი რამ გაკეთდა ამბროლაურის რაიონში, მათთვის ბევრად უფრო მარტივი იქნება გადაწყვეტილების მიღება „ქართული ოცნების" კანდიდატის სასარგებლოდ. ვამაყობ, რომ საქართველოს პარლამენტში საქმიანობის დროს აქტიურად ვიყავი ჩართული რეგიონების განვითარების საქმეში.
მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა საქართველოს რამდენიმე ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეს. მათ შორისაა ონის, ამბროლაურის, ცაგერისა და მესტიის მუნიციპალიტეტები, რაც პარლამენტის, მთავრობის და სამხარეო ადმინისტრაციების ერთობლივი დამსახურებაა. დიახ, მე ამაყი ვარ, რომ ამ დიდ საქმეში ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე.
ამ პერიოდში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი 1600-მდე დასახლებულ პუნქტს მიენიჭა, სადაც 2017 წლის 1 იანვრიდან საგადასახადო შეღავათების სრული პაკეტი ამოქმედდება. ამ სტატუსით ოჯახები ისარგებლებენ მთელი რიგი სოციალური შეღავათებით. ყოველ ახალდაბადებულ ბავშვზე კატეგორიების მიხედვით გაიცემა ფულადი დახმარება თვეში 100-200 ლარის ოდენობით. ამ სტატუსის მქონე დასახლებებში 20%-ით იზრდება პენსია. გარდა ამისა იზრდება ექიმებისა და პედაგოგების ხელფასები, ელექტროენერგიის ხარჯებს 50 პროცენტით აანაზღაურებს სახელმწიფო.
- რა პრობლემების მოგვარებას გთხოვთ მოსახლეობა?
- გასულ წლებში ჩვენი რეგიონის წინაშე მდგარი არაერთი საჭირბოროტო საკითხის მოგვარება შევძელით. ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი უფრო სწრაფი განვითარება და თითოეულ თქვენგანზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელებაა. მაქვს სურვილი ჩემი რვაწლიანი გამოცდილებით აქტიური როლი ვითამაშო რაჭის, ლეჩხუმისა და სვანეთის განვითარების მომდევნო ეტაპზე. ჩვენი პოლიტიკური ძალის მიზანია ამ რაიონების კეთილდღეობა და სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ზრუნვა, ინფრასტრუქტურის განვითარება, უმუშევრობის პრობლემის გადაჭრა, მიგრაციის პროცესის შეჩერება, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის დარგების განვითარება, რასაც „ქართული ოცნება" ამ 4 წლის განმავლობაში გეგმაზომიერად უკვე ახორციელებს.
რაც შეეხება სამომავო გეგემებს დაიწყება „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამა" პროგრამის მიზანია, ფინანსური დახმარებით, მოსახლეობას მისცეს უნიკალური შანსი, განახორციელონ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს-იდეები და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი.
პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე, სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. „ქართული ოცნების" წარმატებულ პროგრამას კიდევ ერთი ახალი საწარმო შეემატება - შპს „იწის წყალი", რომელიც ამბროლაურში წყლის ჩამომსხმელი ახალი კომპანიის შექმნას ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მინიმუმ 233 ათასი ლარის ინვესტიცია და 30 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა. იგეგმება ისტორიულ-კულტურულ ძეგლამდე, ნიკორწმინდამდე მისასვლელი გზების სრული რეაბილიტაცია.
პროექტის ფარგლებში, მოხდება რამდენიმე სოფლის, მათ შორის მუხლის, ქვემო და ზემო ბარების გზების რეაბილიტაციაც. პროექტის სავარაუდო ღირებულება 3,5 მილიონი ლარია, მისი დასრულება კი 2-3 წელიწადში იგეგმება. ასევე, დაგეგმილია ნიკორწმინდას ცენტრში, მოედანზე მდებარე შენობების რეაბილიტაციის, ავტოსადგომისა და ცენტრის საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის პროექტი.
მოეწყობა ტროტუარები, რომელიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
2016 წელს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაგეგმილი 11 322 142 ლარის ღირებულების 91 ინფრასტრუქტურული პროექტის გარდა, მუნიციპალიტეტებში დამატებით განხორციელდება ნაპირსამაგრების, შიდა გზების, სანიაღვრე არხების, კულტურული და საგანმანათლებლო შენობების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, რისთვისაც ,,მთის განვითარების ფონდიდან" 2 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა.
ქართულ-შვეიცარიულმა კომპანია ,,ბლაუენშტაინ საქართველოს" ხელშეწყობით, რომელიც მესაქონლეობის თანამედროვე ფერმასა და საერთაშორისო სტანდარტების პირველად ხორცის გადამუშავების საწარმოს აერთიანებს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის სოფლებში -შარდომეთში, შქმერში, ჭიორასა და გლოლაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმები აშენდა, რომლებიც სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობენ. 2015 წელს, სოფლის მეურნეობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უპრეცედენტოდ მაღალი იყო და 25 მლნ დოლარი შეადგინა.
ახალი პროექტის ფარგლებში, რომელიც მეწარმეობის განვითარების სააგენტომ მთის განვითარების ეროვნულ საბჭოსთან თანამშრომლობით შეიმუშავა, მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, სახელმწიფოსგან მიიღოს 5 000-დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსება და საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე წამოიწყოს ბიზნესი, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მთიდან მიგრაციას.
- რას ჰპირდებით მოსახლეობას?
- ჩვენ დემოკრატიული ქვეყნის ნაწილი ვართ. ამიტომ უნდა შევეგუოთ, რომ ადამიანებს აქვთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების საშუალება. ჩვენ ვეცდებით, რომ ხალხს მივცეთ საკანონმდებლო ბაზა, სამომავლოდ რომ განვავითაროთ და დავხვეწოთ სისტემა, ადამიანებისთვის „ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში გამარტივდა მთვარობასთან და დეპუტატთან კომუნიკაცია.
მე ვგრძნობ ჩემი ამომრჩევლის მაჯისცემას. ამბროლაურის რაიონიდან ვარ წარმოშობით და ეს ფაქტორი ძალიან მიმარტივებს მათთან ურთიერთობას.
- როგორ შეაფასებთ სხვა პარტიების კანდიდატებს?
- მთის ხალხი განსხვავებულად მოსაფრთხილებელია, მათი მოთხოვნები- გასათვალისწინებელი. მე ძალიან დიდ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას ვგძნობ ჩემი ხალხის წინაშე, ჩემთვის უსაფუძვლო დაპირებები მიუღებელია.
რაც შეეხება ოპონენტებს, მე პატივს ვცემ მათ, ჩვენ ყველანი ერთი ქვეყნის შვილები ვართ. მიმაჩნია, რომ საარჩევნო კამპანია წარმატებით ჩაივლის, ხალხი ირჩევს კანდიდატს მის წარმომადგენლად უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში,- პარლამენტში, ამიტომ მივცეთ მათ არჩევანის სრული თავისუფლება.
პირადად მე ჩემი მისამართით დიდ სიმპათიას და კეთილგანწყობას ვგრძნობ რაინებში, თანადგომას მიცხადებენ, მხარდაჭრის ჯგუფები იქმნება და აქტიური შეხვედრები იმართება. ახალგაზრდა ენთუზიაზმით არიან ჩართულნი მთელ ამ პროცესში.
ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მათი წარმატებული და უსაფრთხო მომავალი, რომ მათთვის მამა-პაპისეულ მიწა-წყალზე დაბრუნება მომხიბვლელი იყოს. ათასობით ადამიანს ვხვდები და გამარჯვების მოლოდინი, რა თქმა უნდა, მაქვს! იმიტომ რომ ჩემს უკან დგას ძლიერი, მოქმედი და კეთილისყოფელი, საქმის მკეთებელი გუნდი - „ქართული ოცნების" სახით.