რეჟისორი გოგა ხაინდრავა გადაცემაში „20/30" ფილმ „ჰეროკრატიაზე" საუბრობს და ამბობს, რომ ეს ფილმი ასახავს ყველაზე სამარცხვინო ეპოქას, როცა „ნაციონალური მოძრაობა" სასტიკად უსწორდებოდა თავის ქვეყანას და მოსახლეობას.
„ფილმი „ჰეროკრატია" ასახავს ქართველი საზოგადოების ყველაზე სამარცხვინო ეპიზოდს, ყველაზე სამარცხვინო ეპოქას. ეპოქას, როდესაც პენიტენციარულ სისტემაში და არა მარტო, აბსოლუტურად დაკარგული იყო ადამიანური სახე. სჩადიოდნენ ისეთ საქციელს, რომლის აღწერა შეუძლებელია.
რა თქმა უნდა, ის სისასტიკე ბოლოდე არ არის აღწერილი და ვერც იქნებოდა, იმიტომ, რომ გააზრება იმისა, რომ შეიძლება, ახალგაზრდა, უდანაშაულო ადამიანი ჩაიყვანო მორგში და მიაბა ცხედარს რამდენიმე საათის და ხანდახან მთელი დღის განმავლობაში, მიაჯაჭვო, ამის გადაღებაც ძნელია და წარმოდგენაც ძნელია. ვფიქრობ, რომ ეს არც იყო ჩემი ამოცანა.
ჩემი ამოცანა იყო ის, რომ დამეფიქრებინა საზოგადოება იმაზე, რომ ის, რაც ჩვენ გავიარეთ, უნდა გავიაზროთ, უნდა შევიგრძნოთ ის სირცხვილი, ის დაცემა, რომელიც დაემართა ჩვენს საზოგადოებას. ამ წლებში ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ მსგავსი რამე ხდებოდა ქართულ საპატიმროებში, იმიტომ, რომ იქიდან გამოდიოდა ხმები, გამოდიოდა ხალხი, გამოდიოდა ტკივილი და მიუხედავად ამისა, ჩვენ ამაზე თვალს ვხუჭავდით. ჩვენ ამაზე არ ვლაპარაკობდით, მხოლოდ გარკვეული ჯგუფები, გარკვეული ადამიანები ცდილობდნენ, რომ გაეღვიძებინათ საზოგადოება. მაგრამ ჩვენ „დემოკრატიის შუქურას" ვზეიმობდით ამ დროს, ჩვენ ვზეიმობდით სამარცხვინო დამარცხებას ომში, 12 აგვისტოს რუსთაველზე. ჩვენ ვზეიმობდით ევროპულ გზას და ევროპულ ფსევდოწარმატებებს. ჩვენ ტაშს ვუკრავდით ადამანებს, რომლებმაც აბსოლუტური ავადმყოფური ბოდვები განახორციელეს საკუთარ მოსახლეობასა და საკუთარ ხალხზე.
კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ისეთ პატარა საზოგადოებაში, როგორიც არის საქართველო და ქართველი საზოგადოება, ძნელი წარმოსადგენია, რომ რაიმე კავშირი არ ჰქონდეს ერთ პიროვნებას მეორე პიროვნებასთან, ან ნათესაური, ან ახლობლური, რომ ასეთი სისასტიკით უსწორდებოდნენ ერთმანეთს, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი ავადმყოფის თავში იბადება ასეთი იდეები ან რამდენიმე ავადმყოფს უნდა, რომ გადააკეთონ ეს საზოგადოება და შექმნან ახალი ტიპი. ეს არის ძალიან დამაფიქრებელი და მე როგორც ვგრძნობ, საზოგადოება არ დაფიქრებულა ამაზე. წარმოუდგენელია ის, რომ წლიდან წლამდე არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც არის დამნაშავე ორგანიზაცია -და ეს ფილმი დაადასტურებს ამას, - სახელისუფლებო სტრუქტურებში ადგილი ეთმობა, ხალხი დადის სურათებით და აპირებს, რომ კიდევ ერთხელ მისცეს შესაძლებლობა, რომ ის ადამიანები, ვინც შექმნა ეს სისტემა, იყვნენ წარმოდგენილი საქართველოს ხელისუფლებაში", - აცხადებს გოგა ხაინდრავა.