ავტორი ანა ფერაძე
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ „რეპორტიორთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ თბილისს ახალი გერმანული ავტობუსები მოემსახურება, რომელიც ეტაპობრივად დაემატება ქალაქს. მერის მოადგილემ აღნიშნა, რომ მაღალტექნოლოგიური ავტობუსებისთვის დიდ დიღომში ავტობაზა აშენდება, სადაც მათი საწვავით გამართვა და ტექნიკური მომსახურება იქნება შესაძლებელი.
როგორც ლექვინაძემ „რეპორტიორს" განუცხადა, ახალი ავტობუსები შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირებული იქნება.
- რამდენი ახალი ავტობუსი მოემსახურება ქალაქს?
- ამჟამად ყოველდღიურად თბილისში 512 ავტობუსი მოძრაობს. ახალი, გერმანული, „MAN"-ის ფირმის 143 ავტობუსი ეტაპობრივად შემოვა თბილისში სექტემბრის ბოლოდან. გამოთავისუფლებულ ყვითელ ავტობუსებს კი - სხვა მარშრუტებზე დავამატებთ.
- როდის ჩაანაცვლებს ძველ ავტობუსებს ახალი?
- პირველ პარტიას - 10 ავტობუსს სექტემბრის ბოლოდან ველოდებით. ავტობუსების მოწოდება ეტაპობრივად მოხდება და გაისად მარტში დასრულდება 143 ერთეულის მოწოდება. ეს არის პირველი ეტაპი ავტობუსების პარკის განახლების, ჯამში, 4-წლიან პერიოდში ვვარაუდობთ სრულად ჩანაცვლებას.
- რა განსხვავება იქნება ახალ და ძველ ავტობუსებს შორის?
- განსხვავება ძალიან დიდია. ასეთი კლასის, ხარისხის და კომფორტული ავტობუსები თბილისს ჯერ არ ჰყოლია. ევროპაში მსგავსი ტიპის ავტობუსები მოძრაობს (შვედეთი, ნორვეგია, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი და ა.შ). ანუ თბილისი ევროპული სტანდარტის ავტობუსებს ყიდულობს.
ერთი მხრივ, იგი მაღალტექნოლოგიურია, მუშაობს CNG ძრავზე, რაც ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიურია. მეორე მხრივ, მგზავრისთვის მაქსიმალურად კომფორტულია. იგი აღჭურვილი იქნება კონდიციონერით, რაც თბილისელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „MAN"-ის 12-მეტრიანი ავტობუსი 2 მეტრით გრძელი იქნება, ვიდრე ჩვენი ყვითელი ავტობუსები. 33 დასაჯდომი ადგილის მქონე ახალ ავტობუსს სულ 85 მგზავრის გადაყვანა შეეძლება.
მაღალტექნოლოგიური ავტობუსებისთვის დიდ დიღომში ავტობაზა შენდება, სადაც მათი საწვავით გამართვა და ტექნიკური მომსახურება იქნება შესაძლებელი. მძღოლებიც კონკურსით შეირჩევა და შესაბამისი ტრენინგები ჩაუტარდებათ.
მნიშვნელოვანია, რომ მერია ავტოპარკის განახლებისა და გაზარდისთვის მომავალში კიდევ აპირებს ახალი ავტობუსების შეძენას. შემდგომში შედარებით მცირე ზომის ავტობუსებს შევისყიდით, რათა თბილისის რთულ რელიეფსა და ვიწრო ქუჩებში მათ უპრობლემოდ შეძლონ გადაადგილება.
- ექნება თუ არა პანდუსი და ისარგებლებენ თუ არა შშმ პირები?
- დიახ, აუცილებლად. ახალი ავტობუსები შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირებული იქნება.
- გაიზრდება თუ არა მგზავრობის საფასური?
- მგზავრობის საფასურის გაზრდა არ განიხილება.