ხელოვნების სასახლე მსოფლიოს ყველაზე პოპულარული და მასშტაბური სახელოვნებო გაერთიანების - Google-ის კულტურული ინსტიტუტის სრულუფლებიანი პარტნიორია. ამასთან დაკავშირებით, 8 სექტემბერს, 12:00 საათზე, თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმში პრესკონფერენცია და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. მიხეილ გიორგაძე ხელოვნების სასახლის თანამშრომლებს, Google-ის კულტურული ინსტიტუტის სივრცეში ქართული ეროვნული საგანძურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, სიგელებს გადასცემს.
ხელოვნების სასახლე პირველი ქართული მუზეუმია, რომელიც Google-ის კულტურული ინსტიტუტის წევრი გახდა. ამიერიდან მსოფლიო ბოტიჩელის, კარავაჯოს, და ვინჩისა და სხვა ხელოვანების გვერდით, ქართულ ეროვნულ საგანძურს იხილავს. დავით კაკაბაძე, გიგო გაბაშვილი, ელენე ახვლედიანი, პეტრე ოცხელი, ლადო გუდიაშვილი - ეს იმ ქართველი ფერმწერების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შემოქმედების ნახვა ამიერიდან Google-ის ინსტიტუტის ონლაინ პლატფორმაზეა შესაძლებელი; მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან დამთვალიერებელს ქართულ შედევრებთან ერთად, მათი შესრულების ტექნიკა და უმცირესი დეტალებიც კი შეეძლება ნახოს, ამ უნიკალურ შანსს მხოლოდ გუგლის ონლაინ დათვალიერების ტექნოლოგია იძლევა.
საერთაშორისო ასპარეზზე მუზეუმმა ქართული მოდერნიზმის ფუძემდებელის პეტრე ოცხელის უნიკალური ნამუშევრებით შეაბიჯა და პირველი გამოფენა სწორედ ამ რეპრესირებულ მხატვარს მიეძღვნა. ვირტუალური გამოფენა ხელოვანის 40 ნამუშევარს აერთიანებს და მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე დეტალურ ინფორმაციას გადმოგვცემს.
საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი კავკასიის რეგიონში მეოთხე მუზეუმია, რომელიც ხელოვნების საერთაშორისო რუკაზე გაჩნდა.