logo_geo
eng_logo
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში პარლამენტის წევრების კითხვებზე რეაგირების მონიტორინგის შესახებ ანგარიში მოისმინეს
- +

15 სექტემბერი. 2023. 18:10

 

 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე დეპუტატის კითხვაზე რეაგირების შესახებ მომზადებულ ინფორმაციას გაეცნენ. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა სხდომაზე განაცხადა, 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი სწორედ  საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმების გაზრდა იყო, რაც პარლამენტის ახალ რეგლამენტში აისახა და გულისხმობს დეპუტატის შეკითხვაზე რეაგირებას, ამ საკითხზე კომიტეტის მიერ შესაბამისი სტატისტიკის ანალიზისა და დასკვნის ყოველკვარტალურად წარდგენას.

 

მან კოლეგებს პარლამენტის წევრების მიერ 2022 წლის 3 ნოემბრიდან 2023 წლის 1 სექტემბრამდე გაგზავნილ კითხვებსა და მათზე რეაგირების შესახებ ინფორმაცია გააცნო.   ანგარიშის თანახმად, ამ პერიოდში გაგზავნილი კითხვების რაოდენობა   3975-ს შეადგენს, მათგან პასუხგაცემულია  3054 (77%), პასუხგაუცემელი კი 921 (23%) კითხვა.

 

მომხსენებელმა კითხვებზე გაცემულ პასუხებში გამოკვეთილი დარღვევების თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზოგ შემთხვევაში  კითხვაზე პასუხი გაცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ ან დარღვეულია პასუხის გაცემისთვის განკუთვნილი ვადა.

 

„ჩვენი სურვილი და კანონის მოთხოვნაა, რომ ეს დინამიკა მუდმივად გაუმჯობესებისკენ მიდიოდეს. ამიტომაც მოვიწვიეთ მთავრობის წარმომადგენელი, რომ ეს ინფორმაცია მაქსიმალურად მიიტანოს ყველა პასუხისმგებელ პირთან და სტრუქტურასთან, რათა მოცემული ანალიზის საფუძველზე იმსჯელონ რა უნდა გაკეთდეს ამ მონაცემებიდან გამომდინარე, რომ დინამიკა გახდეს საუკეთესო.  პარლამენტის წევრების კითხვებზე რეაგირება საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთი ეფექტური მექანიზმია და მნიშვნელოვანია დეპუტატის უფლებამოსილების შესრულებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.  

 

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ვახტანგ ბაჩიაშვილი.

 

კომიტეტმა სხდომაზე ასევე იმსჯელა  „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტზე  საქართველოს მოქალაქე ზვიად კორძაძის ლობისტად რეგისტრაციის საკითხზე.

 

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით,  კომიტეტმა  შესაბამისი მოკვლევა ჩაატარა, საკითხი შეისწავლა და გაარკვია, რომ   წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია პარლამენტის ბიუროს მიერ ზვიად კორძაძის ლობისტად რეგისტრაციას დაუჭიროს მხარი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner