logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია: საქართველოში ინტერნაციონალური მაარიფის სკოლების ფუნქციონირება ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის, განათლების სფეროში, თანამშრომლობის მნიშვნელოვანი რგოლი გახდება
- +

11 ოქტომბერი. 2023. 18:14

 

 

თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ მონაწილეობა მიიღო ინტერნაციონალური მაარიფის თბილისის ახალი სკოლის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში.

 

ბექა ოდიშარიამ დამსწრე საზოგადოებას, თურქეთის მაარიფის ფონდის ხელმძღვანელებს, პედაგოგებს და მოსწავლეებს ახალი სკოლის გახსნა მიულოცა. როგორც ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, საქართველოში ინტერნაციონალური მაარიფის სკოლების დაარსება და ფუნქციონირება დიდი ინვესტიციაა ქვეყნის განათლების დარგში. ამასთან, ისაუბრა განათლების მნიშვნელობაზე, რომელიც სწორი განათლების მიცემას და კვალიფიციური ახალგაზრდების აღზრდას გულისხმობს.

 

„განათლებას აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა. საქართველოში ინტერნაციონალური მაარიფის სკოლების ფუნქციონირება ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის, განათლების სფეროში, თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი გახდება. ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ჩავერთოთ და მხარი დავუჭიროთ ასეთ პროექტებს“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

 

„ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები“ საქართველოში თურქეთის სახელმწიფოს ეგიდით მაარიფის საერთაშორისო ფონდის ბაზაზე დაარსდა. ფონდი საგანმანათლებლო საქმიანობას 67 ქვეყანაში ეწევა, აქედან 51 ქვეყანაში 446 სკოლით.

 

თბილისის გარდა, მაარიფის ახალი სკოლის ხვალ გაიხსნება მარნეულშიც. აღნიშნული სკოლები აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ევროპული სტანდარტის კამპუსებით. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ სკოლებში სწავლება მიმდინარეობს ქართული ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი; თურქეთის განათლების მინისტრის მოადგილე ომარ ფარუქ გიელქენჯი; სტამბოლის მაჟორიტარი დეპუტატი თუუბა იშიქ ერჯანი; თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი; მაარიფის ფონდის თავმჯდომარე ბიროლ აქგუნი; საქართველოში მაარიფის ფონდის ხელმძღვანელი ალი სედათ ასლანი; დიპლომატიური კორპუსის, თბილისის მერიისა და საკრებულოს, საერთაშორისო ფონდების, უნივერსიტეტების, საგანმანათლებლო წრეების, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner