„ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი ქართულ კინემატოგრაფიაში", - ასე აფასებს რეჟისორი გოგა ხაინდრავა ფილმს „ჰეროკრატია" და მადლობას უხდის ტელეკომპანია „GDS"-ს ამ პროექტის განხორციელებისთვის.
„ფილმის გადაღების იდეა ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს და ეს პროექტი განახორციელა ტელეკომპანია „GDS"-მა, რაზეც მინდა, რომ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.
„ჰეროკრატიაზე" რატომღაც სულ არის ლაპარაკი პოლიტიკურ კონტექსტში და ეს ასე არ არის. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი ქართულ კინემატოგრაფიაში. საბჭოთა კინემატოგრაფიაში შეიძლება ვთქვათ „გიორგი სააკაძე", მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ფილმია, მომდევნო წლებში რამდენიმე პროექტი. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ამ მასშტაბის არ ყოფილა.
დღეს ამ მასშტაბმა აბსოლუტურად სხვა საფეხურზე აიყვანა ქართული კინო, მისი ორგანიზმი, იმიტომ, რომ ამ პროექტში მონაწილეობდა უამრავი ადამიანი, ამ პროექტში მონაწილეობდა 120 მსახიობზე მეტი, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით შევარჩიეთ", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.