logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: იმ სიმართლემ, რასაც საზოგადოებას ვეუბნებოდით ყოველ ჩვენს გამოსვლაში, შეუძლებელი გახადა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და საბოლოოდ, მიგვაღებინა კანდიდატის სტატუსი
- +

14 ნოემბერი. 2023. 14:52

 

 

„როგორც კი ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა, შეცვალეს ტონი და განაცხადეს, რომ სტატუსი მხოლოდ სიმბოლური აქტია; რომ მას რაიმე კონკრეტული შედეგი არ მოაქვს; თითქოს ეს არ ნიშნავს ევროპასთან მეტ დაახლოებას; არ ნიშნავს მეტ ფულს; არც პროდასავლური პოლიტიკის ინდიკატორია, მაშინ როდესაც მანამდე ამბობდნენ, რომ ვკარგავდით მილიარდებს და ქვეყნის პოლიტიკური ვექტორიც იცვლებოდა“, - ასე გამოეხმაურა ოპოზიციის ბოლოდროინდელ განცხადებებს პარლამენტის ტრიბუნიდან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი.

 

მისი თქმით, ევროკომისიის დადებითმა რეკომენდაციამ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, საბოლოოდ დაამსხვრია ქართული ოპოზიციის გეგმები, ქვეყანაში არეულობის მოწყობასთან დაკავშირებით.

 

„პირველ რიგში, ვულოცავ ჩვენს მოქალაქეებს ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ევროპული საბჭოს 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაც იქნება ასევე დადებითი და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც არის ქართველი ხალხის და საქართველოს ხელისუფლების ორწლიანი ბრძოლის შედეგი, მაგრამ კიდევ უფრო მეტი წვლილი ამაში მიუძღვის იმ ათწლიან რეფორმებს, რომლებსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან და იმ დემოკრატიული გარდაქმნის შედეგი, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა. თუ რამდენად უსაფუძვლოა ის იაფფასიანი სპეკულაცია, თითქოს ეს არის რადიკალური ოპოზიციის და ენჯეოების დამსახურება ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ, მარტივად ჩანს შედეგიდან - ამ გადაწყვეტილებამ საბოლოოდ დაამსხვრია ოპოზიციის გეგმები, კერძოდ, გეგმა, რომ ისინი შეძლებდნენ სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსვლას და იმედი, რომ შეიძლება რაიმე შედეგს მიაღწიონ რაიმე ტიპის არჩევნებში. ამიტომ ახლა აქვთ ახალი ნარატივი, რომელსაც ყველა ოპოზიციონერი ერთხმად იმეორებს - რამენაირად მოხდეს საარჩევნო ბარიერის 5-დან 2 %-მდე დაწევა.

 

თვითონ ეს ფაქტი, რომ 2%-იან ბარიერს ითხოვენ და სხვა შანსს ვერ ხედავენ, კარგად აჩვენებს, როგორი უსუსურია მათი მტკიცება, რომ ხელისუფლებას აღარ აქვს მხარდაჭერა, რომ ძალიან მალე ისინი შეძლებენ ხელისუფლების ცვლილებას. ამ დროს მთელი გათვლა იმაზე აქვთ, რომ ზუსტად იციან - მაქსიმუმი, რისი მიღწევაც შეუძლიათ, ეს არის 40 000 ამომრჩევლის ხმა. ეს არის მათი მაქსიმალური ელექტორატი და ამიტომ ცდილობენ, ბარიერი 2%-მდე დაიწიოს. სწორედ აქედან ჩანს, ვის ინტერესში შედიოდა კანდიდატის სტატუსის მოპოვება და ვინ აკეთებდა ყველაფერს, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო, რადგან ასეთ შემთხვევაში, მათი აზრით, შესაძლებელი იქნებოდა ქვეყანაში არეულობის მოწყობა“, - აღნიშნა დეპუტატმა.

 

მან კატეგორიულად განუცხადა ოპოზიციას, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევა არ მოხდება და ქართული პოლიტიკა საბოლოოდ უნდა გაიწმინდოს უცხო ქვეყნების აგენტებისგან.

 

„როგორც კი ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა, შეცვალეს ტონი და განაცხადეს, რომ სტატუსი მხოლოდ სიმბოლური აქტია; რომ მას რაიმე კონკრეტული შედეგი არ მოაქვს; თითქოს ეს არ ნიშნავს ევროპასთან მეტ დაახლოებას; არ ნიშნავს მეტ ფულს; არც პროდასავლური პოლიტიკის ინდიკატორია, მაშინ როდესაც მანამდე ამბობდნენ, რომ ვკარგავდით მილიარდებს და ქვეყნის პოლიტიკური ვექტორიც იცვლებოდა. მინდა, კატეგორიულად განვუცხადო ოპოზიციას, რომ ბარიერის დაწევა არ მოხდება და პოლიტიკა საბოლოოდ უნდა გაიწმინდოს იმ აგენტურისგან, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - როგორმე დააზიანოს ჩვენი სამშობლო და ამით ასიამოვნოს თავის პატრონებს. აქვე გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებაში განსაკუთრებული წვლილი მიგვიძღვის სწორედ ჩვენ - „ხალხის ძალას“. ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ, როდესაც უკრაინას და მოლდოვას სტატუსი მიანიჭეს, ხოლო ჩვენ უპრეცედენტოდ მოკლე ვადა - 6 თვე მოგვცეს გარკვეული პირობების შესასრულებლად, მაშინ ვთქვით, რომ ეს იყო ერთგვარი ხაფანგი, რომელიც იმისთვის იყო მოგონილი, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი მღელვარება არ განელებულიყო.

 

ვგულისხმობ იმას, რომ სწორედ ექვსთვიანი ვადა იყო ხაფანგი და არა ის პირობები, რომლებიც წამოგვიყენეს. მოვახდენ ჩვენი მაშინდელი განცხადების ციტირებას - „ჩვენი ეს განცხადება იყო იმ გეგმის აღსრულების პრევენცია, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელოვნური დაბრკოლებების შექმნას ისახავს მიზნად. თუ საზოგადოება არ აღიჭურვება საჭირო სიმართლით, ის თავად გახდება არეულობისა და ომის სცენარის ნაწილი, რაც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას სამუდამოდ შეუძლებელს გახდის. ჩვენ უნდა შევაიარაღოთ საზოგადოება სიმართლით, რათა ის თავად გახდეს საქართველოს ევროპული მომავლის გარანტი“. დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სწორედ იმ სიმართლემ, რასაც საზოგადოებას ვეუბნებოდით ყოველ ჩვენს გამოსვლაში, შეუძლებელი გახადა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და საბოლოოდ, მიგვაღებინა კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner