"გული მწყდება, მე მის გაპრეზიდენტებაზე მაქვს ამაგი, მთელს პარტიას გვაქვს, მაგრამ მათ შორის, მე - განსაკუთრებული. ვერ ვიჯერებ, როდესაც ასეთ განცხადებებს ვუსმენ, იმიტომ რომ, როდესაც სულ რაღაც ორ კვირაზე ცოტა ნაკლებში, ჩვენ უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, სულ რომ ქვეყანა ფეხქვეშ ეწვოდეს, ადამიანი, რომელსაც გული შესტკივა საკუთარ სამშობლოზე და რომელსაც მართლაც სურს, საკუთარი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, პირში წყალს ჩაიგუბებდა და არანაირ განცხადებას არ გააკეთებდა სტატუსის მონიჭებამდე, მერე, რა თქმა უნდა, კრიტიკა მისაღებია," - ასე შეაფასა "ქართული ოცნების" წევრმა, ბექა ოდიშარიამ, სალომე ზურაბიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოში ხალხს უჭირს, იპოვოს სამართალი.
მისი თქმით, მსგავსი სახის განცხადებებით ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა, პოლიტიკოსების რეიტინგის და ნდობის დაკარგვით მთავრდება.
ოდიშარიას განცხადებით, სასაცილოა ის ფაქტიც, რომ ოპონენტები "ქართულ ოცნებას" "პრორუსულს" უწოდებენ იმ ფონზე, როდესაც ერთმანეთს ბოლშევიკებად მოიხსენიებენ.
„ყველაფერი შეიძლება დააბრალო "ქართულ ოცნებას", ენა მოიტეხეს უკვე, ხალხი იცინის პრორუსულს რომ იძახიან, დასცინის, იმდენად უნიჭოები არიან, "პრორუსულის" გარდა სხვა ვერაფერი მოიგონეს. ერთმანეთს ბოლშევიკებს ეძახიან და ჩვენ პრორუსებს. "ქართულ ოცნებას" რომ ის დააბრალო, აქ სამართალი არ არის , ქუჩაში ხალხს ხომ არ ვკლავთ და ხომ არ დავდევთ? მიტინგების მერე, ჯიხურების თავზე ვითომ დენმა დაარტყა ხომ არ ვიძახით? ხალხისათვის თვალში ნაცრის შეყრა მთავრდება იმით, რომ პოლიტიკოსები კარგავენ რეიტინგს და ნდობას. ძალიან კი არ მსურდა რომ ეს ქალბატონ სალომეს დამართოდა, მაგრამ იმართებს და რა ვუშველოთ, არ ვიცი, მაშველი რგოლი არ მაქვს ასეთი“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.