„ფაქტია, არის რაღაც ძალა, რომელსაც სურს, საქართველო იყოს ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენილი, იყოს როგორღაც დისტანცირებული სტრატეგიული პარტნიორებისგან და მაქსიმუმი კეთდება ამ მიზნის მისაღწევად, რომელიც მთლიანად წინააღმდეგობაშია საქართველოს სტრატეგიულ მიზნებთან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის კვირას“ „Politico“-ს სტატიაზე საუბრისას განუცხადა.
„იმედის კვირის“ სპეცრეპორტაჟი გამოცემა „Politico“-ს ევროპული ბიუროს მიერ 28 ნოემბერს გამოქვეყნებულ მასალას ეხმიანება, სადაც 2024 წლის პერსონების რეიტინგია გამოქვეყნებული. ერთ-ერთ კატეგორიაში კი, „ამრევები“ ბიძინა ივანიშვილია მოხსენიებული.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, აღნიშნული მასალა დეზინფორმაციის კლასიკური მაგალითია, რომელიც ცრუ ნარატივს ავითარებს და ხელს უწყობს საქართველოსთან დაკავშირებით არასწორი აღქმების შექმნას.
„საუბარია, რომ საქართველო არ აწესებს სანქციებს რუსეთთან მიმართებაში და ეს არის მთავარი სადარდებელი სტატიის დამწერისაც და დამკვეთისაც. ვისაც ჰგონია, რომ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებით რაიმე დააკლდება რუსეთს და საქართველოს მოემატება, ის ან უბრალოდ ბეცია, ან საქართველოს მტერი.
არ არსებობს დამადასტურებელი ფაქტები იმ ნარატივებთან დაკავშირებით, რა ნარატივებსაც სტატია ავითარებს. არც იმასთან დაკავშირებით, რომ ოლიგარქი მართავს ქვეყანას, არც იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო მაგალითად, ქცეულია თურმე, სანქციების თავის არიდების ჰაბად.
ფაქტია, არის რაღაც ძალა, რომელსაც სურს, საქართველო იყოს ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენილი და საქართველო იყოს როგორღაც დისტანცირებული სტრატეგიული პარტნიორებისგან და მაქსიმუმი კეთდება ამ მიზნის მისაღწევად, რომელიც მთლიანად წინააღმდეგობაშია საქართველოს სტრატეგიულ მიზნებთან. ამას ჩვენ ვხედავთ უკვე წლებია, რომ როგორ ხდება საქართველოს დისკრედიტაცია, როგორ ხდება მისი წარმოჩენა არასწორად და შემდგომ უკვე ისმის კითხვა, ჩვენც გვქონდა კითხვა - რატომ არ მიენიჭა საქართველოს კანდიდატის სტატუსი შარშან, როდესაც ამისთვის ყველანაირი საფუძველი არსებობდა. ერთადერთი პასუხი, რომელსაც იღებ, არის ის, რომ თურმე, ქვეყანაზე ყოფილა რაღაც აღქმები. სწორედ ამ არასწორი აღქმების შექმნას უწყობს ხელს მსგავსი სტატიები და ამას ემსახურება ეს გამძაფრებული საინფორმაციო კამპანია საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.