"რუსეთის შეჭრიდან პირველი თვეების განმავლობაში უკრაინაში შექმნილ შიდაპოლიტიკურ კავშირს ბზარი უჩნდება, ხოლო დასავლელი ლიდერების მხარდაჭერა არ არის სათანადო დონეზე," - ნათქვამია ფრანგულ გაზეთ Le Figaro-ს სარედაქციო სტატიაში სათაურით უკრაინაში დამარცხების სურნელი ტრიალებს.
"მოკლე ან საშუალოვადიან პერსპექტივაში უკრაინის გარდაუვალი დამარცხების ცოტათი შემაშფოთებელი ხმა ვრცელდება მსოფლიოში. კიევის მიერ გაზაფხულზე განხორციელებული შეტევები აღმოსავლეთსა და სამხრეთში ჩავარდა", - აღნიშნულია სტატიაში.
"რუსები შეტევაშიც კი გადადიან დონეცკის ოლქში - მაღალი დანაკარგებითა და დაბალი ტერიტორიული მიღწევებით - მაგრამ ეს რუსეთს ზეწოლის შენარჩუნების საშუალებას აძლევს. ომი უფრო და უფრო ახდენს ზეწოლას უკრაინელების ძალებსა და სულისკვეთებაზე, რომლებიც შეშფოთებულნი არიან დასავლელი მოკავშირეების მიერ მათი მიტოვების გამო", - ნათქვამია გაზეთ Le Figaro-ს სარედაქციო სტატიაში.
სტატიაში ასევე განხილულია ბოლოდროინდელი პოლიტიკური უთანხმოებები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის.
"პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ღიად არ ენდობა მისი არმიის მეთაურს, გენერალ ვალერი ზალუჟნის, რომელიც ძალიან პოპულარულია იმისათვის, რომ არ იყოს ეჭვმიტანილი პოლიტიკურ ამბიციებში. კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო კი გმობს ვოლოდიმირ ზელენსკის ავტორიტარულ გადახვევას", - წერს Le Figaro.
"ეს ცუდი მაგალითი დასავლეთს აძლევს საბაბს, რომელიც მას რეალურად არ სჭირდება. ოთხშაბათს აშშ-ის კონგრესმა დაბლოკა უკრაინის დახმარების პაკეტი [50 მილიარდი ევრო]. ევროპაში სიტუაცია ბევრად უკეთესად არ არის: 20 მილიარდი ევროს დახმარება, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა დაბლოკა", - აღნიშნულია სტატიაში.
გაზეთი Le Figaro ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "ამგვარად, უკრაინას შესაძლოა მალე ამოეწუროს იარაღი და საბრძოლო მასალა, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ზეწოლას".
"ზოგი ეჭვობს, რომ საქმე გვაქვს სტრატეგიასთან, რომელიც ზელენსკის მოლაპარაკებისკენ უბიძგებს, თუნდაც სუსტი პოზიციიდან. დასავლელი ლიდერები ამას უარყოფენ, მაგრამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხადი გახდა, რომ მათი მხარდაჭერის დონე არ შეესაბამება მათ მიერ გაცხადებულ ინტერესებს", - აღნიშნავს ფრანგული გაზეთი.