საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის დელეგაციის წევრები, ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ შანხაის ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე ჟიო ჰუილინს და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარეს შეხვდნენ.
კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ შეხვედრაზე ისაუბრა ქართულ-ჩინური ურთიერთობების დინამიკურ განვითარებაზე და იმ პერსპექტივებზე, რაც განათლებისა და მეცნიერების, ასევე ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით შანხაისთან შესაძლოა განვითარდეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის 2023 წლის ივლისში გაფორმებულ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაზე. გივი მიქანაძემ და დელეგაციის წევრებმა მასპინძლებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების კუთხით მიღწეულ შედეგებზე, განათლებისა და მეცნიერების სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.
ჟუო ჰუილინმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას, გამოხატა მზაობა და მნიშვნელობა მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების თაობაზე. მან საქართველოს ქალაქებთან და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის თაობაზე სურვილი გამოთქვა. მხარეები შეთანხმდნენ აქტიურ კომუნიკაციაზე სამომავლო ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
შეხვედრის შემდეგ, ქართული დელეგაცია სახალხო კონგრესის ჰონგქიაოს რეგიონულ წარმომადგენლობას ესტუმრა და გაეცნო მის საქმიანობას. შანხაის ურბანული დაგეგმარების საგამოფენო დარბაზში კომიტეტის წევრები გაეცნენ შანხაის განვითარების მოდელსა და სამომავლო განვითარების გეგმებს.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ტურძელაძე. დელეგაციის შეხვედრას ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - ბესარიონ შარაშენიძე და საელჩოს სხვა თანამშრომლები ესწრებოდნენ.