13 სექტემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ ანთიძესთან ერთად, ვარძიას ეწვევა და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნობა.
ამ დღეებში, დაიწყო კლდის გამაგრებითი სამუშაოები, რომელიც გულისხმობს ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის დამაგრებასა და ბურღვითი მეთოდით კლდის დიდი მასივების გამაგრებით სამუშაოებს. საქართველოში პირველად, ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისთვის სამუშაოების დაწყება იგეგმება. შედეგად, შშმ პირებს ვარძიის კომპლექსის სრულყოფილად დათვალიერება შეეძლებათ.
მიხეილ გიორგაძე და ნიკოლოზ ანთიძე მოინახულებენ სოფელ ჭაჭკარსაც. ჭაჭკარის რეაბილიტაციის დაწყება 4 ივნისს, პრემიერის ვიზიტის დროს, მისივე ინიციატივით გადაწყდა. ამ დროისათვის უკვე მიმდინარეობს სოფლის გაწმენდითი და საპროექტო სამუშაოები.
სოფელ ჭაჭკარის პროექტი არის სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი ინიციატივა. პროექტი ითვალისწინებს აგროტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის ურთიერთობით სოფლის სამეურნეო ფუნქციის აღდგენას და მის ჩართვას რეგიონის ტურისტულ ქსელში.
მსოფლიო მნიშვნელობის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის - ვარძიის უკან, კლდის ჩრდილო-აღმოსავლეთით განლაგებული სოფელი ჭაჭკარი მტკვრის ორივე ნაპირზეა გაშენებული და უნიკალური ადგილმდებარეობით, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სიმრავლითა და ისტორიული მნიშვნელობით, რეგიონის კულტურული ლანდშაფტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენს. სოფელში დღემდე შემორჩენილია დაზიანებული ტერასები, 50-მდე კლდეში ნაკვეთი საწნახელი, 4-საუკუნოვანი ვაზი. აქვეა კლდეში გამოკვეთილი საცხოვრებელი დარბაზი და წმ. გიორგის ეკლესია, ხალხური საცხოვრებლის ნიმუშები.
სოფელ ჭაჭკარში განორციელებული აქტივობები არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, „თიბისი ფონდისა" და კავშირი „ქართული სახლის" ერთობლივი ინიციატივა.