“ვფიქრობ ძალიან ბევრი საინტერესო გზავნილი გაჟღერდა ბატონი ირაკლი კობახიძის გამოსვლის დროს. ჩემთვის მოსასმენად ერთ-ერთი ამაღელვებელი იყო, როდესაც ის საუბრობდა, რომ ჩვენი ქვეყანა არასოდეს მოაწერს ხელს ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიზნებისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო იქნება”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„კარგად ვიცით, როგორია ირაკლი კობახიძის დამოკიდებულება კორუფციისა და თუნდაც კორუფციის რისკების მიმართ, მისი პატიოსნებიდან გამომდინარე, მისი სახელმწიფოებრივი ხედვიდან გამომდინარე. როდესაც ოპოზიცია გამქრალია პოლიტიკური ველიდან და ის ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ მხრივ სიფრთხილე გამოვიჩინოთ. როდესაც კორუფცია ძლიერია, ეს ქვეყნის ეკონომიკისა და დემოკრატიული პროცესების განვითარებას ხელს უშლის. სიფხიზლე აუცილებელია და თუნდაც დაზღვევისა და პრევენციის მიზნით“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.