16 სექტემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში ევროპის მემკვიდრეობის დღეებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „მუზეუმი და კულტურის სტრატეგია" გახსნის.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ და სხვადასხვა თემაზე მოხსენებებს წაიკითხავენ: საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე; გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი ზაქარია ფურცხვანიძე; ბონის უნივერსიტეტის დოქტორი (თიურინგენის კულტურის სამინისტრო) კრისტოფ ვერთი; წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან, ხელოვნებთმცოდნეები თბილისის სამხატვრო აკადემიიდან, ბათუმიდან და საქართველოს სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრიდან.
კონფერენცია ორი დღეს გასტანს. 16 სექტემბერს, კონფერენციაზე განსახილველი თემა მუზეუმების კულტურულ-სოციალური როლის გაზრდის აუცილებლობა და ამ მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობები იქნება. 17 სექტემბერს კი კონფერენცია დაეთმობა მოხსენებებს ქუთაისის მუზეუმში დაცული კოლექციების შესახებ.
კონფერენცია ქალაქ ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, ევროპის მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში ტარდება.
საქართველოში „ევროპის მემკვიდრეობის დღეები" წელს 16-18 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით აღინიშნება. საქართველოს მასშტაბით მუზეუმებში უფასო გამოფენები, ვორქშოფები და სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი. ღონისძიებები ევროპის მემკვიდრეობის დღეების 2016 წლის საერთო თემის „მემკვიდრეობა და საზოგადოება" ფარგლებში მოეწყობა.
საქართველოში „ევროპის მემკვიდრეობის დღეების" აღნიშვნას უკვე სამწლიანი ისტორია აქვს. ინიციატივა „ევროპის მემკვიდრეობის დღეები" ჯერ კიდევ 1985 წლიდან მომდინარეობს, ხოლო 1999 წელიდან წარმოადგენს ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივ პროგრამას, რომელშიც მონაწილებას იღებს ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი 50 ქვეყანა. საქართველოში „ევროპის მემკვიდრეობის დღეები" პირველად 2014 წელს აღინიშნა. „ევროპის მემკვიდრეობის დღეები" ყოველი წლის სექტემბრის ერთ-ერთ შაბათ-კვირას იმართება და წარმოადგენს ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღონისძიებასა თუ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც გულისხმობს, როგორც გამოფენებს, სპეციალურ ტურებს გიდის თანმხლებით, კონფერენციებს, მუზეუმში სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის დაგეგმილ აქტივობებს, ისე კონცერტებსა და სხვადასხვა ტიპის შოუებს და ა.შ.
ყოველწლიურად, პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიებები სპეციფიური თემის ირგვლივ აღინიშნება. თემები ძირითად ფოკუსირებულია მემკვიდრეობის სხვადასხვა ტიპის, ისტორიის სხვდასხვა პერიოდისა და საზოგადოების მემკვიდრეობისადმი დამოკიდებულების საკითხებზე. წლევანდელი, 2016 წლის თემა მემკვიდრეობა და საზოგადოება გახლავთ.