logo_geo
eng_logo
ლევან კობერიძე: საინტერესოა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მემორანდუმზე ხელის მოწერაზე უარს ამბობს
- +

17 სექტემბერი. 2016. 04:02



პარტია „ქართული ოცნების" წევრი, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე ტელეკომპანია „GDS"-ის გადაცემაში „20/30" შესაძლო დესტაბილიზაციასა და პროვოკაციებზე საუბრობს, რომელსაც არჩევნების დროს ან შემდგომ შეიძლება ჰქონდეს ადგილი.


კობერიძე ასევე ახსენებს გიორგი კვირიკაშვილის მიერ ინიცირებულ მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც პოლიტიკურმა პარტიებმა კონტრაქციებზე უარი უნდა თქვან იმისთვის, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ გარემოში. მისი თქმით, ეს მემორანდუმი არის სწორედ იმ პასუხისმგებლობის გამოვლინება, რომ მოსახლეობას ავარიდოთ მსგავსი შემთხვევები.

 

„განცხადებები გაკეთდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე და სწორედ მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა არის ის, რომ პრევენცია მოახდინოს მსგავსი თემების. ერთი მხრივ, ძალოვანი სტრუქტურები მუშაობენ ამ საკითხზე და მეორე მხრივ, ჩვენ ვალდებული ვართ, საზოგადოებას შევატყობინოთ, რომ მოსალოდნელია პროვოკაცები და შესაბამისად გავაფრთხილოთ ისინი, რომ თავი აარიდონ მსგავსი ტიპის პროვოკაციებს. მეტსაც გეტყვით, პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული მემორანდუმი არის სწორედ ამ პასუხისმგებლობის გამოვლინება. თავის მხრივ, ეს მემორანდუმი არ არის რაიმე ახალი ფორმა, ან რომელიმე პოლიტიკური ძალის ექსკლუზივი, როგორც ზოგიერთი პარტია ამაზე საუბრობს. არ აქვს მნიშვნელობა, ვისი ინიციატივა იქნება, მთავარია, რომ მემორანდუმი, სამწუხაროდ, საჭირო გახდა.

 

ძალიან საინტერესოა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" რომელიც ყველაზე მეტს საუბრობს ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე, მემორანდუმზე ხელის მოწერაზე უარს ამბობს.

 

მინდა ვთქვა, რომ ეს მემორანდუმი არ სჭირდებათ მხოლოდ პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, ეს მემორანდუმი არის პირველ რიგში საჭირო იმ აქტივისათვის, რომელიც თითოეულ პოლიტიკურ პარტიას გააჩნია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად იმოქმედოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და მოუწოდოს თავის მომხრეებს, რომ იყოს დაცული ის ეთიკური წესები, ან ის წესები, რომელიც მემორანდუმით იქნება შეთავაზებული და ხელმოწერილი.

 

მსგავსი ტიპის მემორანდუმის გაფორმება საჭირო არის ასევე არა მხოლოდ აქტივისათვის, არამედ იმისთვის, რომ საზოგადოების პოლიტიკური კულტურა უფრო მეტად დაიხვეწოს და ახალი პოლიტიკური კულტურა დაწესდეს საქართველოში", - განაცხადა ლევან კობერიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner