საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ლანჩხუთის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატს აკაკი ჩხაიძეს პირადად არ იცნობს. თუმცა მისივე თქმით, შესაძლებელია, აკაკი ჩხაიძეს სადმე შეხვედრია. ამის შესახებ ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა და აქვე დასძინა, რომ ის მხარს უჭერს ყველა იმ მაჟორიტარობის კანდიდატს, რომელიც „ქართული ოცნების" მიერ არის წამოყენებული.
„არ ვიცნობ ბატონ აკაკის. შეიძლება, სადღაც შენახვედრი ვარ, ხელი ჩამომირთმევია. მე ვუჭერ მხარს ყველა მაჟორიტარობის კანდიდატს, რომელიც „ქართული ოცნებიდან" არის წამოყენებული. ეს არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც ხელეწიფება, ქვეყანა სწორი მიმართულებით განავითაროს. მაჟორიტარობის კანდიდატებს, ისევე როგორც მთელ გუნდს, აყალიბებს კვირიკაშვილი და მთელი გუნდი. მე არ ვარ გუნდის ჩამოყალიბების მონაწილე. პირადად, ყველას არ ვიცნობ. ეს პროცესი უჩემოდ მიმდინარეობს", - განაცხადა ივანიშვილმა.
მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებულ ოლქში აკაკი ჩხაიძე ამომრჩეველთან შეხვედრისას აცხადებს, რომ ის კარგად იცნობს ბიძინა ივანიშვილს და სწორედ ის არის ყოფილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატი.
შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის გაერთიანებულ ოლქში „ქართული ოცნების" სახელით ნინო წილოსანი იყრის კენჭს.