logo_geo
eng_logo
ილია წულაია: 26 მაისის დარბევის ყველა მონაწილემ კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს!
- +

ავტორი ანა ფერაძე

21 სექტემბერი. 2016. 17:27




„ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ილია წულაიამ „რეპორტიორთან" წინასაარჩევნო გარემოზე და „ქართული ოცნების" მიერ პარტიებთან „მშვიდობის მემორანდუმის" შეთავაზებაზე ისაუბრა. როგორც წულაიამ აღნიშნა, საარჩევნო გარემო უპრეცედენტოა და ყველას პარტიას აქვს საშუალება, საარჩევნო აგიტაცია ჩაატაროს ამომრჩევლებთან. წულაიამ იმედი გამოთქვა, რომ „მშვიდობის მემორანდუმს" ყველა პარტია მხარს დაუჭერს.


„ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი გუშინ პროკურატურის მიერ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის კადრების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ყველა ის პირი უნდა დაისაჯოს, ვინც დარბევაში მონაწილეობა მიიღო.


- როგორ შეაფასებთ საარჩევნო გარემოს?


- საარჩევნო გარემო უპრეცედენტოა. პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელი არ ეშლებათ. ყველას აქვს საშუალება, ამომრჩეველს საკუთარი პარტია გააცნოს და წინასაარჩევნო აგიტაცია ჩაატაროს.


დღეს განსხვავებული აზრი არ იდევნება და იმის გამო, თუ ვინმე გააკრიტიკე, სამსახურიდან არავის ათავისუფლებენ. რაც მთავარია, „ქართულმა ოცნებამ" შექმნა იმის პირობა, რომ ამომრჩეველმა თავისუფლად მიიღოს არჩევანის გადაწყვეტილება.


- თუ არსებობს რაიმე სახის პროვოკაციები ?


- ჯერჯერობით პროვოკაციის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. მოვუწოდებ ჩემს ყველა კონკურენტს, დავიცვათ კანონი, ერთმანეთს პატივი ვცეთ და მშვიდობიანად ჩავატაროთ არჩევნები.


- პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის ვიდეომასალა გამოაქვეყნა. რა შეფასებას გააკეთებთ აქციის დარბევასთან დაკავშირებით?


- ყველა, ვინც 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევაში მონაწილეობდა, დასასჯელია და ამ სასჯელს სასამართლო განსაზღვრავს. ყველა პასუხს აგებს კანონის წინაშე და არავის არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ თუ დანაშაულს ჩაიდენს, პასუხს არ აგებს.


- „ქართულმა ოცნებამ" წარმოადგინა „მშვიდობის მემორანდუმი" რას ფიქრობთ, შეუერთდებიან თუ არა ამ მემორანდუმს სხვა პარტიები?

 

- დღეს წინასაარჩევნო გარემო მკვეთრად გაუმჯობესდა, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, „მშვიდობის მემორანდუმი" შეეთავაზებინა პარტიებისთვის, რომელიც კონტრაქციების არჩატარებას გულისხმობს. იმედი მაქვს, აღნიშნულ მემორანდუმს ყველა პარტია შეუერთდება და კანონის დაცვით ჩატარდება 8 ოქტომბრის არჩევნები.


- რას ჰპირდებით დიდუბის მოსახლეობას?

 

- გასაკეთებელი ძალიან ბევრია. გამარჯვების შემთხვევაში ჩემს ოლქში მოსახლეობასთან მუდმივი კონტაქტი მექნება და შესაბამისად, მათი პრობლემების მოგვარებაზე ვიზრუნებ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner