ქართველი სპეციალისტები ვერტიკალური პარკინგის სისტემის გამოცდას რამდენიმე თვეში ვარაუდობენ - ამის შესახებ „Sputnik"-ს პროქტის ხელმძღვანელმა მალხაზ ცისკარიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, იდეა ეხება ავტომობილების განთავსებას არა ჰორიზონტალურ, არამედ ვერტიკალურ სივრცეში, რათა ქალაქი ავტომობილებისგან განიმუხტოს, ასევე მოხდეს ავტომობილების პარკირება ისე, რომ ხელი არ შეეშალოს სხვა მოძრავ ავტომობილებს და არ შეიქმნას საცობები.
„წარმოიდგინეთ „ეშმაკის ბორბალი", ოღონდ ელიფსურად გაწერილი, რომ ნაკლები სივრცე დაიკავოს. ეს იქნება ლითონის დასაშლელი კონსტრუქცია და ლიფტის სისტემა, ავტომობილი დადგება პლატფორმაზე და სპეციალურ ღილაკზე ხელის დაჭერით ავა ზევით, როდესაც მძღოლს მანქანის დაბრუნება მოუნდება, სპეციალური კოდით შეძლებს ავტომობილის პლატფორმაზე დაშვებას", - აცხადებს ცისაკრიშვილი.
მისივე თქმით, პარკინგის საცდელი ნიმუშის გაკეთება ოქტომბერში დაიწყება და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, 3-4 თვეში პირველი კონსტრუქციაც გამოჩნდება.
ცისკარიშვილი ამბობს, რომ ასეთი ტიპის პარკინგის სისტემას ევროპაში დიდი ხანია იყენებენ, ქართველმა სპეციალისტებმა კი შეძლეს და მოწყობილობის შექმნის პატენტი მიიღეს, შედეგად ქართველებმა კონსტრუქციის წარმოების უფლება მოიპოვეს. მისივე თქმით, საქართველოში დამზადებული ვარიანტი უფრო ჰაეროვანი, მარტივი ტექნოლოგიით და საიმედოობის თვალსაზრისით გაუმჯობესებული იქნება.
პროექტის ავტორი ამბობს, რომ გამომგონებლებს უჭირთ კაპიტალის მოძიება, რადგან არცერთი ბიზნესმენი სარისკო პროექტში ფულს არ დებს, თუმცა „რაც უფრო დიდია რისკი, დიდია მოგება". მისივე თქმით, ჰორიზონტალური პარკირების პროექტს „საპარტნიორო ფონდი" აფინანსებს. მისივე თქმით, გამომგონებლებს მისცა სახელმწიფომ სტიმული, აკეთონ ინტელექტუალური საქმე, რომელიც ქვეყანას გამოადგება.