logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: ხელისუფლებას კადრების გავრცელების საქმის გამოძიება ძალიან გაუჭირდება
- +

15 მარტი. 2016. 14:26


„ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლებას დღეს ამ საქმეების გამოძიება ძალიან გაუჭირდება. როგორც კაკაბაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლებამ ის მტკიცებულებები გაანადგურა, რომელიც კადრების გადამღებების და დამკვეთების დანაშაულს დაამტკიცებდა, ამიტომ, ამ ადამიანებისთვის ბრალის დამტკიცება ძალიან გართულდება.


„დღეს  საზოგადოება სვამს ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს. ეს არის აბსოლუტურად სწორი, რადგან დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო და სათანადოდ არ დასაჯა ამ ბინძური კადრების შემქმნელები. უფრო მეტიც, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გადამღებებისა და დამკვეთების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც კი არ არის აღძრული. ასევე ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომ ხელისუფლებამ ამ კადრების განადგურების გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ შემქმნელები და დამკვეთები არ დასაჯა. ეს გადაწყვეტილება უნდა მიეღო სასამართლოს და არა რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს. ესეც მხოლოდ მას შემდეგ უნდა მომხდარიყო, რაც დადგებოდა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი.  რა თქმა უნდა, ეს კადრები უნდა განადგურებულიყო, მაგრამ არა ისე, როგორც მოხდა.

 

დღეს აღმოვჩნდით სიტუაციაში, რომ ერთი მხრივ, ხელისუფლებამ მოიხსნა პასუხისმგებლობა და მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ სხვადასხვა საიტებზე ეს მასალები ვრცელდება. ბუნებრივია, მანამ, სანამ ამ ადამიანების პასუხისგების საკითხი არ დამდგარა, გამოძიებას არ დაუდგენია, თავდაპირველად რა ჯგუფის ხელში იყო ეს კადრები და ვინ იყვნენ ამის განმკარგავები, ბუნებრივია, ეს კადრები დღემდე ხდება სხვადასხვა ინტრიგებისა და ვაჭრობის საგანი.

 

დღეს ამ ადამიანების დასჯა და საქმეების გამოძიება ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება. ეს გამოძიება აუცილებლად დატოვებს კითხვის ნიშნებს.  პიროვნება, რომელიც წარსდგება სასამართლოს წინაშე, მის წინააღმდეგ უნდა არსებობდეს მტკიცებულებები. ეს მტკიცებულებები კი ხელისუფლებამ გაანადგურა. მაშინ, რის საფუძველზე უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება სასამართლომ? ანუ, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადამღებები და დამკვეთები ვერ იქნებიან დასჯილნი, თუ მათ რაიმე სხვა ბრალდება არ დაუსაბუთეს და სხვა ბრალდებით არ გაასამართლეს", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner