logo_geo
eng_logo
რას ყვება ასლან აბაშიძის გარემოცვის ერთ-ერთი წევრი მიხეილ სააკაშვილზე
- +

12 ოქტომბერი. 2016. 23:40



ბორის მიქელაძე - ასლან აბაშიძის გარემოცვის ერთ-ერთი წევრი, თავის დროზე ნავთობტერმინალის დაცვის უფროსი, აჭარის უზენაესი საბჭოს ეგიდით რეჟიმის უფროსი (ამ სამსახურს ევალებოდა აჭარის ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოების ჩატარება):

 

 „ახლა მოგიყვებით ერთ საინტერესო ამბავს: ჩოლოქთან მოსულები არიან კახა ლომაია, დავით დარჩიაშვილი და ვიღაც ქალები. ჯერ აჭარაში რევოლუცია არაა მომხადარი, ამათ უნდათ არეულობის შემოტანა. მე მაშინ კაცურად დავდექი ასლან აბაშიძის გვერდით. ერთი სიტყვით, ჩოლოქზე მივედი, უამრავი ხალხია, ტაში დაუკრეს, ბორია მიქელაძე მოვიდაო. ბევრი ფული არასოდეს მქონია და დიდი თანამდებობა, მაგრამ ადამიანები პატივს მცემდნენ, ნდობა მქონდა. წვიმიანი ამინდია, სიცივეა. ცოტა ხანში ატყდა საშინელი ხმაური, ხალხი დაიძრა, უნდა ჩავქოლოთო. მეც გავიქეცი... კახა ლომაია ვიცანი, მერე დარჩიაშვილიც. ამათზე იწევენ, უნდა ჩავქოლოთო. ლომაია მოვიდა და მომკიდა ხელზე ხელი, თქვენ ბორია მიქელაძე ხართო? ბორია ვარ-მეთქი. კაცი ვერ ლაპარაკობს, ფორმა დაკარგული აქვს, იცის, რომ შეიძლება ვერ გააღწიონ იქიდან. მე წინააღმდეგი ვარ, კაცო, ადამიანების ჩაქოლვა რას ჰქვია, ეგ რომელი კანონია? პირიქით, ასლანის დავალება იყო, ზედმეტი არაფერი უთხრათო. მარტო ამათზე კი არა, საერთოდ ჰქონდა კატეგორიული მოთხოვნა, სტუმრებს მოეფერეთ, ზედმეტი არაფერი აკადროთ, თუ ვინმე იარაღით მოდის - შეაჩერეთო. როცა ესენი შემოვიდნენ მიშას მეთაურობით, ყველას ჰქონდა ავტომატი, ჩვენ ეს ვიცოდით. მაგათი განიარაღება შეგვეძლო ნახევარ საათში, მაგრამ ასლანმა არ გაგვაკეთებინა. გავაგრძელებ ისევ იმ ამბავს... დარჩიაშვილი ჩამჩურჩულებს, ოღონდ აქედან გაგვიყვანე, ჩვენი სალოცავი იქნებიო. დავინახე მაგათი მანქანები დგას მოშორებით, ორი ჯიპით არიან, მაგრამ იქამდე ვერ მიდიან. ეს ხდება ხიდთან, მერე რომ ააფეთქეს... სხვათა შორის, მაგ ხიდის აფეთქება ხან რუსებს და ხან აბაშიძეს ტყუილად დააბრალეს, ეგ ააფეთქა იმან, ჯინჭარაძემ ამათი დაკვეთით და 6 მილიონი წაიღო, მერე გაიქცა და მოსკოვში მოკლეს. დავით დარჩიაშვილს ვეკითხები, თქვენ რა გვარი ბრძანდებით-მეთქი? მე ხუციშვილი ვარო. შენ კაცობაში გეშლება, კაცი, რომელიც თავის გვარს დამალავს, იმას კაცად არ ვთვლი-მეთქი! არა, მე ხუციშვილი ვარო. აღარ მაინტერესებს, თქვენ ქართველები რომ არ იყოთ, ახლა ყველაფრის ღირსები ხართ, იცით, რომ დაძაბული სიტუაციაა, მდგომარეობას უფრო ამწვავებთ, ამას მოჰყვება თქვენი ჩაქოლვა, ამას მოჰყვება დიდი სკანდალი და უნდა გადავიდეთ სამოქალაქო ომზე, რატომ აკეთებთ ამას-მეთქი? ჩვენ სტუმრად მოვდივართო. მაშინ წამოდით ჩემთან, ჩემი სახლის იქით არც ერთი ნაბიჯი სხვაგან-მეთქი. კახა ლომაია კანკალებს, ხელს არ მიშვებს... თან მეუბნება: შენ გენაცვალე, ქართველი კაცი ხარ, ოღონდ აქედან გაგვიყვანე და ყველაფერს შენთან სტუმრობად ჩავთვლი, მე გამოგადგები, ყველანაირად დაგიდგები გვერდშიო. მე ვუთხარი - არაფერი არ მინდა, როგორმე გახვალთ აქედან-მეთქი. ამასობაში ხალხი იწევს, თან ყვირიან, თქვენ ისინი არა ხართ, ერთმანეთს რომ ხმარობთ და ახლა გინდათ, ჩვენ ბავშვებსაც მასეთი სექსი ასწავლოთო?! ერთი სიტყვით, მოვკიდე ამათ ხელი, ხალხს ვეუბნები, ახლა რამის გაკეთება იქნება ჩვენი სირცხვილი-მეთქი და ამასობაში მივიყვანე მანქანებამდე. იქამდე ხელს არ მიშვებდნენ. მერე ეს ჯიპები როდის მოაბრუნეს, რა სისწრაფით წამოვიდნენ იქიდან, თვალი ვეღარ მოვკარი, აღარ მახსოვს. ასე გადავარჩინე ეს ხალხი ჩაქოლვას, იმის მერე არც ერთს არ მოვუკითხივარ.

 

ახლა მოგიყვებით, ბოლოს როგორ შეხვდნენ ერთმანეთს აბაშიძე და სააკაშვილი, რა ლაპარაკი იყო იქ და რა პირობა დაიდო: ჩამოვიდნენ, გარეთ დაახლოებით 5 ათასი კაცი იდგა... მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო გია ბარამიძე. მოვიდნენ და რაღაც პრობლემა შეიქმნა, აბაშიძის დაცვამ განაიარაღა ესენი, ისე არ შემოუშვა. თავიდან მთხოვეს, მე გამოვსულიყავი სიტყვით, მაიძულეს, სხვა გზა არ მქონდა. ვეუბნები პრეზიდენტს: ბატონო მიშა, თქვენ პირადად ჩემი პრეზიდენტი არა ხართ, მე თქვენს არჩევნებში მონაწილეობა არ მიმიღია და ხმა არ მომიცია, მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა, საქართველოში 90-მა პროცენტმა მოგცათ ხმა. მე ვარ ადამიანი, რომელიც, რომ დაიჭირონ, რომც მოკლან, მაინც უნდა ვთქვა სიმართლე, იმიტომ არ გთვლით ჩემს პრეზიდენტად, რომ კაცი, რომელიც თავის სამშობლოში სხვა სახელმწიფოს დავალებით მიდის, ის ქვეყნის გაერთიანებას და გამთლიანებას ვერ შეძლებს, თქვენ ამას ვერ გააკეთებთ-მეთქი. ასე რატომ ფიქრობთო? - მეკითხება სააკაშვილი. მე ამას კი არ ვფიქრობ, ვხედავ, როგორ დაემუქრეთ ლევან მამალაძეს და გააქციეთ, როგორ დაიჭირეთ ვიღაცები, როგორ აჩვენებთ ტელევიზიით ღამის 2 საათზე გადაღებულ კადრებს, როგორ აჩვენებთ შიშველ კაცს ცოლთან ერთად, როგორ აწიოკებთ... ეს მიუღებელია ჩემთვის, მიუღებელია ხალხისთვის. არის კატეგორია ხალხის, რომელსაც ეს მოსწონს, მაგრამ მე არ მიმაჩნია სწორად, თუ ადამიანმა რამე დააშავა, არსებობს სასამართლო, ახლა შენ ვიღაცამ რაღაცა გაწყენინა, ვიღაცამ რაღაცა წამოგაძახა, ვიღაცამ არ დაგაფინანსა... ისიც ვიცი, ასლან აბაშიძეს ფული მოსთხოვე, არ მოგცა და ამის შემდეგ შეიძულე. ახლა ხელისუფლებაში მოხვედი და ყველაფერი შენზე მოირგე, ასე არ გამოვა. თქვენ გვპირდებით, რომ დაიწყება მშენებლობა, აშენდება ეს, აშენდება ის, თუ მართლა აპირებთ ამას, მაშინ გთავაზობთ ერთ რამეს: 14 წელი ასლან აბაშიძის დროს აჭარაში სისხლი არ დაღვრილა, თუ ვინმე მასთან მისულა ნორმალური, ყველასთვის ხელი გაუმართია, რაც შეეძლო, ყველაფერს აკეთებდა, ადამიანებს სამსახურები აქვთ, მუშაობენ და უამრავი რამეც გაიხსნა. აქ რამეს ხედავთ-მეთქი ცუდს? საავადმყოფოები უფასო, სწავლა - უფასო, მეტი რა ქნას-მეთქი? სხვათა შორის, ასლან აბაშიძეს მანამდე ჰქონდა ჩვენთან ნათქვამი ასეთი რაღაცა: ხალხო, თქვენ ხომ გგონიათ, რომ ახალგაზრდა პრეზიდენტი მოვიდა საქართველოში, თბილისიდან ლაპარაკობს, მე ამას ვიზამ, იმას ვიზამო, მაგრამ იმას სჭირდება პორტი გასაყიდად, იმას სჭირდება უბნები და შენობები გასაყიდად, ხელში უნდა ჩაიგდოს ეს წალკოტი, ხელში უნდა ჩაიგდოს საბაჟო. ამ ყველაფერს ჩაიგდებს ხელში, მერე გაასხვისებს, თქვენ ბულვარშიც აღარ გაგიშვებენ თქვენს ნებაზე... მოვა დრო, მე მომძებნით, მაგრამ ვეღარ მნახავთ. მე ვიცი, ესენი ვინ არიან, ესენი მე მაბრალებდნენ, თითქოს ვიყურებოდი თურქეთისკენ, მაგრამ ერთი მტკაველი მიწა არ გამისხვისებია, ერთი შენობა არ გამიყიდია, ერთი თურქიც კი ბათუმში არ ჩამიწერია. იყო დრო, მიკიჟინებდა სააკაშვილი, თითქოს ვიყურებოდი რუსეთისკენ. აბა, ნახეთ, მე რომელიმე რუსს ბათუმში თუ რამე მივეცი? მიშა სააკაშვილს აჭარის გასხვისება უნდა, დადგება დრო, ამ მხრივ შეიქმნება დიდი პრობლემა, აჭარა და გურია თურქეთს გადაეცემა. თბილისი სომხებზეა გათვლილი, კახეთი შეიძლება ირანს ჩააბარონ... სოხუმი რუსებს მიჰყიდეს, ცხინვალიც რუსებს მიჰყიდეს. როცა ეს საქმე წამოვწიე, შევარდნაძე გამიბრაზდა და თითქოს იმ კომისიის თავმჯდომარედ დამნიშნა, რომელსაც გაფუჭებული ურთიერთობები უნდა გამომესწორებინა, მაგრამ გაყიდულს მე უფასოდ ვინ დამიბრუნებდაო? აი, ეს ილაპარაკა ასლან აბაშიძემ დაახლოებით 50 კაცთან, სანამ მიშა სააკაშვილი შემოვიდოდა აჭარაში.

 

მოკლედ, მე ვუთხარი სააკაშვილს: ბატონო მიშა, ახლა შემიძლია, ამ ხალხს მოვუწოდო და აქედან საერთოდ არ გაგიშვათ, ამის ძალა ნამდვილად შეგვწევს. თუ ასლან აბაშიძეს ბიუჯეტიდან რამე აქვს მოპარული, ყველაფერი დაბრუნდება უკან, ეს არის მშენებელი კაცი, ჩავაბაროთ ეს საქმე, არავითარი მისი გაძევება, არავითარი დაჭერის სანქციები, თუ შევარდნაძე უნდა გყავდეს კრწანისში თბილად, რომელმაც ქვეყანა დაღუპა, მაშინ ამას რას ერჩი, როცა ცუდი არაფერი გაუკეთებია-მეთქი? ახლა მამაშვილურად გადახვიე ხელი და მადლობა უთხარი, რომ აჭარა დღემდე უსისხლოდ მოიტანა... როცა გადაუარეს სამეგრელოს, როცა გადაუარეს სხვა კუთხეებს, აჭარა ამ კაცმა კბილებით დაიცვა. შენს გვერდით დავდგებით, ოღონდ მტერი არ გააცინოთ-მეთქი. ასლანს ეკითხება მიშა ჩემზე, ეს კაცი ვინ არისო? ასლანი პასუხობს: მიშა, ამ კაცზე ჩემთან სულ მოჰქონდათ ცუდი ამბები, გადავამოწმე, ერთ ძველ ბინაში ცხოვრობს და "ნივით" დადის, ერთხელ დამაჭერინეს, ვერაფერი დაუმტკიცეს და ახლა დავრწმუნდი, ეს კი არ ყოფილა ჩემი მტერი, ვისაც ამბები მოჰქონდა, ისინი ყოფილანო. მერე მე მომმართა ასლანმა: არავითარი წინააღმდეგობა, მე ვიცი, ეს ადამიანი არაფრის გამკეთებელი არ არის, მაგრამ მაინც საქართველოს პრეზიდენტიაო. მოკლედ, ვილაპარაკეთ დაახლოებით 45 წუთი. მიშა ამბობს ჩემზე - ამ კაცს ერთი ღერი თმა არ ჩამოუვარდეს, ყველაფერს გულით ლაპარაკობს, ჩემთვის ყველაფერი გასაგებია, ნახევარ საათში, ბატონო ბორის, გელოდებით მერიაშიო. მე ვუთხარი, არ მოვალ-მეთქი. რომ გეუბნები, მოდი, არ დარჩები წაგებულიო. ბატონო მიშა, სანამ არ დავრწმუნდები, რომ აჭარელი ხალხის თხოვნას შეასრულებთ, ვერ მოვალ, თუ გგონიათ, აბაშიძის გაძევების გამო ხალხი ტაშს დაგიკრავთ, ძალიან ცდებით-მეთქი. მიშა წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ სამი ბიჭი მოდის, უნდა წამოგვყვე მერიაში, რაღაც სამსახურზეა ლაპარაკიო. მე ამ კაცის გვერდში უნდა ვიდგე, თუ გაიმარჯვებს, ვიქნები გამარჯვებული, თუ დამარცხდება, ვიქნები დამარცხებული-მეთქი.

 

მიშამ სიტყვა არ შეასრულა, სამწუხაროდ... თუმცა რაც თქვა ასლან აბაშიძემ, ზუსტად ახდა. ბუნებრივია, ამის შემდეგ წავედი ოპოზიციაში, 2007-ში იმასაც მოვესწარი, რომ მიშა გადადგა, მთელი ამბები გადავიტანეთ, საპრეზიდენტო არჩევნებია, კონსტანტინე გამსახურდიასთან ვარ, თითქოს კარგად მიდის საქმე, ვიგებთ და ამ დროს მირეკავს კონსტანტინე: ახლა ყური დამიგდე, ყველამ ყველაფერი იცის და შენთან ვერ მოაგვარეს საკითხებიო. რა საკითხები-მეთქი-კაცო? შენ ეს ხალხი უნდა ამოყარო, კომისიის წევრები და უნდა ჩასვა "ბალვანკებიო". ვერ გავიგე, რას ნიშნავს "ბალვანკები"? ბატონო კონსტანტინე, ვერ გავიგე, რას მეუბნებით, თქვენ რაღაცა შეგეშალათ, მე მოვდივარ ახლა თბილისში-მეთქი. წამოვედი, გზებიც არ ვარგოდა, რამოდენიმეჯერ კინაღამ გადავიჩეხე. მაინც ჩამოვაღწიე აქამდე და მივადექი პირდაპირ ოფისში. მაშინ კახა მიქაიაც იქ იყო, მაგან უთხრა, არ გაპატიებსო. ჯერ მდივანი თუ ვიღაცა მეუბნება - ბატონი კონსტანტინე კაბინეტშია, მაგრამ ვერ მიგიღებთო. რას ჰქვია, ვერ მიმიღებს, ცეკას მდივანია თუ ამერიკის პრეზიდენტი-მეთქი?! შევედი... მერე ვიღაცები შემოვიდნენ კიდევ. მე ვუთხარი, ჩვენ რამდენი ხანია, რაც ერთმანეთს ვიცნობთ-მეთქი? დიდი ხანიაო. ტელეფონზე თქვენ მელაპარაკეთ თუ სხვა იყო-მეთქი? მე გელაპარაკეო. რა მითხარი, კომისიების წევრები, რომლებიც არ გაიყიდნენ, ზოგის შვილები დაიჭირეს, ზოგისა ქმრები, ზოგის ოჯახები საერთოდ ააწიოკეს და ახლა მეუბნები, რომ ეს ხალხი უნდა ამოვყარო და "ბალვანკები" ჩავსვა-მეთქი? ასეა საჭიროო. ბიჭო, შენ ვინ ჰყოფილხარ, შენ მეგონე კონსტანტინე გამსახურდია, შენ ჰყოფილხარ ლავრენტი ბერია, შენი კაცობა მოვტ...ან, ახლა მოგკიდებ ხელს და გადაგისვრი აქედან, ამ ოფისში აგაფეთქებ-მეთქი! აუ, ასე როგორ შეიძლება, დამშვიდდიო. შენი პარტიისაც, შენი კაცობისაც და შენ თუ ბათუმში ჩამოგიშვა, მე არ ვიყო ბორია მიქელაძე, მამაშენმა ზვიადმა რომ გაიგოს, როგორი შვილი ჰყოლია, შვიდჯერ გადაბრუნდება საფლავში, ფუი, შენს კაცობას და შენი პარტიის დედაც მოვტ..ან-მეთქი! წამოვედი, დავანებე ყველაფერს თავი, მერე გადამეკიდნენ, მანქანა ჩამომართვეს, შაქარიც დამემართა და ასე წავიდა ჩემი ცხოვრება უკუღმა".


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner