logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: „პატრიოტთა ალიანსთან“ რაიმე ტიპის ბლოკში თუ სტრატეგიულ თანამშრომლობაში შესვლა გამორიცხულია
- +

29 ოქტომბერი. 2016. 22:32



პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა, რომ  „პატრიოტთა ალიანსთან" რაიმე ტიპის ბლოკში, კოალიციასა თუ სტრატეგიულ თანამშრომლობაში შესვლას გამორიცხავს. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას" და „პატრიოტთა ალიანსს" სხვადასხვა სტრატეგიული მიმართულებები გააჩნიათ.

კვირიკაშვილმა ასევე არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ნაჩვენები შედეგიც შეაფასა და აღნიშნა, რომ  ეს არის ფაქტი და ჩვენი მოსახლეობის ნების გამოხატულების შედეგი.


„ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მხარს უჭერს „ნაციონალურ მოძრაობას", ეს შეიძლება ჩემთვის პირადად უბრალოდ სამწუხარო იყოს, მაგრამ ეს არის ფაქტი და ჩვენი მოსახლეობის ნების გამოხატულების შედეგი. ეს არის იმ არჩევნების შედეგი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, მიუხედავად იმ ნაკლოვანებებისა, რომელიც რამდენიმე უბანზე გამოვლინდა. რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსს" და ნინო ბურჯანაძეს, მე ვფიქრობ, ის რაც ვთქვი მათთან დაკავშირებით, არის ძალიან ნათელი. რაიმე ტიპის ბლოკში, კოალიციაში და სტრატეგიულ თანამშრომლობაში შესვლა, ამ ტიპის პოლიტიკურ პარტიებთან გამორიცხულია. კონკრეტულ საკითხზე, რაიმე ეკონომიკურ ინიციატივაზე, თუ ისინი გამოიჩენენ სურვილს, რომ მხარი დაუჭირონ, ამის წინააღმდეგი ვინ უნდა იყოს? როდესაც პარლამენტში პოლიტიკური ძალა შემოდის, იქ ბუნებრივია, დიალოგი იქნება ერთმანეთში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნება" ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრეა.


„უნდა ვთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც აცხადებს, რომ მათი მიზანი არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ამ მიზნის მიღწევის გზები და ის შემადგენლობა, რომელიც ქვეყანაში მათი მმართველობის დროს იქმნებოდა არანაირად არ შეესაბამებოდა ევროპულ კანონზომიერებებს. ეს იყო აბსოლუტურად ავტორიტარული მმართველობა, სხვა პრინციპებზე დაყრდნობილი, მედიის უზურპაციაზე, სასამართლოს და პროკურატურის საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევაზე და ა.შ. ამიტომ მხოლოდ იმის თქმა და დეკლარირება, რომ მე ვარ პროდასავლური პარტია, მე მგონია მთლად სწორი არ არის. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია იმის, რომ ვართ იდეალურები, მაგრამ „ქართული ოცნება" ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ისწრაფვის, საქართველოში ნამდვილი ევროპული დემოკრატიის დამკვიდრებისკენ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner