ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს, რომ დავით უსუფაშვილს კარგი გამოძინება და დასვენება სჭირდება.
„ძალიან მომწონს უსუფაშვილის გადაწყვეტილება. მე ადრევე ვამბობდი, რომ რესპუბლიკურ პარტიას ნამდვილად სჭირდებოდა ძირეული განახლება, მაგრამ თუნდაც ბერძენიშვილების პირობებში ეს პარტიაში შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ... დათო უსუფაშვილი, როგორც პროგრესული ადამიანი, რომ ამ პარტიაში ფრთებს ვერ გაშლიდა, ეს ძალიან ლოგიკური იყო. ცალკე გასვლა მას და ქვეყანასაც არაერთ შანსს მისცემს, რადგან უსუფაშვილს აქვს ყველა ის თვისება, რაც შესაძლებლობას აძლევს იყოს ისეთი ოპოზიცია, რომელზედაც მე ბოლო პერიოდში ვსაუბრობ.
ახლა დავით უსუფაშვილს სჭირდება კარგი გამოძინება ანუ დასვენება, შემდეგ იმიჯის რეაბილიტაცია, რადგან მან ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა ბოლო პერიოდში, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარიდან უცბად იქცა რესპუბლიკელების რიგითი აქტივისტი და შემდეგ უკვე მუშაობა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნაზე - თუ ეს უკანასკნელი საერთოდ აინტერესებს მას.
ვფიქრობ, მას ყველა პირობა აქვს, რომ შექმნას კვალიფიციური, საქმიანი და ადეკვატური ოპოზიციური პოლიტიკური პარტია. ნამდვილად დიდი მოლოდინითა და ინტერესით მივყვები ამ პროცესს.
ჩემი მხრიდან კი წარმატებებს ვუსურვებ დათო უსუფაშვილს." - წერს არჩილ გამზარდია „facebook"-გვერდზე.