რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესებას არ გამორიცხავს, თუმცა მიიჩნევს, რომ ამ საკითხში მოსკოვმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზალიბერალიზაციის პროცესი უნდა გაითვალისწინოს.
დიპლომატის თქმით, მოსკოვმა დაახლოებით ერთი წლის წინ რადიკალურად გაამარტივა საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზების მიღების პირობები.
„პრინციპში, არ გამოვრიცხავ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შესაძლებლობას. რა თქმა უნდა, ამ საკითხისადმი მიდგომისას საჭიროა ევროკავშირსა და საქართველოს შორის შესაბამისი პროცესების გათვალისწინება. როგორც ცნობილია, საქართველომ ჯერ კიდევ 2006 წელს ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი ევროკავშირის მოქალაქეებისთვის. ამის შემდეგ, რაც 2012 წელს ბრიუსელი დათანხმდა ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკებების დაწყებას, შემუშავდა დეტალური სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულების შესახებაც თბილისი რეგულარულ ანგარიშს აბარებდა რამდენიმე წლის განმავლობაში. ანუ, საუბარია დიდ და შრომატევად სამუშაოზე, რომელიც სავარაუდო მოიცავდა მჭიდრო სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობას საგარეო და მავალი სხვა უწყების ხაზით. უნებლიედ ჩნდება კითხვა, რამდენად რეალურია ასეთი სამუშაოს შესრულება რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის ახლანდელ ვითარებაში", - განაცხადა კარასინმა.