ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „facebook"-გვერდის მეშვეობით უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პასუხობს.
„უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს კარგად მოეხსენება, რომ მე არ მიმიღია უშუალო მონაწილეობა საქართველოს არჩევნებში და სურვილის მიუხედავად, ამის გაკეთება არც შემეძლო, რადგან უკრაინის მოქალაქე ვარ. მასზე უკეთესად არავინ იცის, რომ ჩემი შედარება დეკანოიძესთან და სხვა „მოწვეულ" ქართველებთან არაკორექტულია. ჩემს წარმომავლობაზე აპელირება ავაქოვისა და მისი მსგავსი მოღვაწეების მეთოდს ჰგავს. მე კი ვისურვებდი, რომ პრეზიდენტი ასეთ რიტორიკაზე მაღლა იდგეს. მე და პეტრო პოროშენკო პრაქტიკულად ერთ დროს ჩავედით უკრაინაში, მე საქართველოდან, ის - მოლდოვიდან. უკრაინის მოქალაქეობის მონიჭებისთვის მისი მადლობელი ვარ. ასე რომ, ყველა უნდა შეეგუოს, რომ მე ვარ უკრაინელი პოლიტიკოსი და გავიმარჯვებ ან დავმარცხდები არა საქართველოში, არამედ უკრაინაში. პრეზიდენტმა კარგად იცის, რომ მე ჯერ კიდევ 6 თვის წინ მინდოდა წასვლა, მაგრამ მან გადამაფიქრებინა. მან დამიყოლია რეფორმების გაგრძელების დაპირებით, უბრალოდ, ამჯერად მე უკვე აღარ მჯერა დაპირებების და საქართველოს არჩევნები არაფერ შუაშია", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ სააკაშვილმა საქართველოს არჩევნებში დამარცხების შემდეგ, უკრაინაში პოლიტიკური აქტიურობის დაწყება გადაწყვიტა.