სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებულ ქართველ მუშებსა და ჩინურ კომპანიას შორის შეთანხმება მიღწეულია.
როგორც „ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ამ დროისთვის თითქმის შეცვლილია ჩინური კომპანიის მენეჯმენტი.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენლის ილია ლეჟავას განმარტებით, მიმდინარეობს ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულებაზე მუშაობა. ჯერჯერობით მიღწეული შეთანხმებით, ქართველ მუშებს აუნაზღაურდებათ გაცდენილი დღეები. კომპანიაში დაინიშნება ქართველი წარმომადგენელი, რომელიც კომუნიკაციას განახორციელებს ჩინურ კომპანიის წარმომადგენლებთან. ასევე მოხდება მენეჯმენტის ცვლილებაც.
სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული ქართველი მუშები ერთ კვირაზე მეტია მუშაობის გაგრძელებაზე უარს აცხადებენ. ისინი ჩინურ კომპანიაში მენეჯმენტის ცვლილებას მას შემდეგ ითხოვდნენ, რაც რამდენიმე დღის წინ ჩინური კომპანიის „23-ე ბიურო" წარმომადგენლებსა და ქართველ მუშებს შორის დაპირისპირება მოხდა, რომლის შედეგად რამდენიმე ქართველი მუშა დაშავდა.