„ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ძალიან სერიოზული, ხელშესახები შედეგებით დასრულდა", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ევროკავშირთან მიმართებაში განსაკუთრებით ხაზგასასმელია ანგარიში, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის შესახებ გამოქვეყნდა, რომელიც ძალიან პოზიტიურია და, რომელშიც საქართველოს მიმართ ძალიან სერიოზული გზავნილებია. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეკრულება არ არის, მაგრამ ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ხელშეკრულება საქართველოს ევროკავშირთან თანმიმდევრულად აახლოვებს. ანგარიშში აღნიშნულია რეფორმების შესახებ, რომლებიც საქართველომ წარმატებით ჩაატარა და მკაფიოდაა აღნიშნული, რომ ევროკავშირისთვის საქართველო რეგიონში დასაყრდენი ქვეყანაა", - განაცხადა ზალკალიანმა.
მისი თქმით, ის, რომ ქართული პროდუქცია ევროპულ ბაზარზე ნელ-ნელა შედის, ეკონომიკური მიმართულებით განხორციელებული რეფორმების კიდევ ერთი დადასტურება და აღიარებაა.
„ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. საქართველოს ევროკავშირში სვლის პროცესი შეუქცევადია, რაც ქვეყნის მოდერნიზაციაში გვეხმარება და ამ პროცესში ქვეყანა ბევრი მიმართულებით ძალიან ბევრს იხეირებს. იხეირებს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების, ეკონომიკური თუ სოციალური გარემოს გაუმჯობესების და უსაფრთხოების მიმართულებით. ასოცირების ხელშეკრულების შესრულება მომავალშიც გაგრძელდება. ამის თქმის საშუალებას მაძლევს პრემიერის მიერ წარმოდგენილი რეფორმების გეგმა, რომელიც ევროპელი პარტნიორების მხრიდან უაღრესად პოზიტიურად შეფასდა", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
როგორც მან აღნიშნა, ასევე პოზიტიურად შეფასდა ჟენევის პროცესში საქართველოს წვლილი და ქმედებები.
„შესაძლოა, ოპონენტები შემეწინააღმდეგონ, რომ კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით ჟენევის პროცესს ძირეული გარღვევა არ აქვს, მაგრამ ჩვენ ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკა გვაქვს, რაშიც ევროპელი პარტნიორები სერიოზულ მხარდაჭერას გვიცხადებენ. გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი იმ მხრივაც წარმატებული იყო", - განაცხადა ზალკალიანმა.
მისი თქმით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი გადაწყვეტილია და საუბარია პროცედურის დასრულებაზე, რომელიც საქართველოზე დამოკიდებული არანაირად არ არის.
„მინდა მოვიშველიო ფედერიკა მოგერინის სიტყვები, რომ საქართველომ ყველა ვალდებულება პირნათლად შეასრულა და არ დგას საკითხი, საქართველო მიიღებს თუ არა ვიზალიბერალიზაციას. ეს საკითხი გადაწყვეტილია და საუბარია პროცედურის დასრულებაზე, რომელიც საქართველოზე დამოკიდებული არანაირად არ არის. ამ პროცესში ჩვენ გვგულშემატკივრობს ევროკავშირის ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი. ამ პროცესში, საელჩოების დონეზე, მთელი საგარეო უწყებაა ჩართული. ჩვენ 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე ვართ გადასული, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება მალე დასრულდეს", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.