logo_geo
eng_logo
მამუკა ხაზარაძე: საუბრები, რომ მალე ქართულ ბაზარზე ოპერირებას მხოლოდ ორი ბანკი განაგრძობს, სიმართლეს არ შეესაბამება
- +

16 დეკემბერი. 2016. 14:43



„თიბისი ჯგუფის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საბანკო სექტორში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.


მისი თქმით, საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ მალე ქართულ ბაზარზე ოპერირებას მხოლოდ ორი ბანკი განაგრძობს, სიმართლეს არ შეესაბამება.


ამასთან, მამუკა ხაზარაძე ფიქრობს, რომ „საქართველოს ბანკის" მიერ „პროკრედიტ ბანკის" ბიზნეს პორტფელის შეძენა ბაზარზე კონკურენციას გაზრდის.   


დადებითად შევაფასებ საბანკო სექტორში მიმდინარე პროცესებს, რადგან ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი. როცა გაერთიანებები ხდება ამა თუ იმ ფორმით, შერწყმა იქნება თუ შესყიდვა, საბოლოო ჯამში შედეგები არის კარგი. ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული საბანკო სექტორის მიმართ ინვესტორების დაინტერესება არის ძალიან დიდი", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.  


2030.news-სთან საუბრისას ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ ქართულ ბაზარზე  ყველა ბანკი თანაბარკონკურენტულ პირობებშია. 


საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ მალე ქართულ ბაზარზე ოპერირებას მხოლოდ ორი ბანკი განაგრძობს, არ შეესაბამება სიმართლეს. უნდა იმსჯელოთ ციფრებით, ორი ბანკი არ შეიძლება დარჩეს ბაზარზე, რადგან საქართველოში დაახლოებით 18 ბანკია და ყველა თანაბარკონკურენტულ პირობებში ვართ. თუ ვინმეს უნდა რამის შესყიდვა, შეუძლია, შეისყიდოს და გამსხვილდეს, ამაში ხელს არავინ უშლის", - განმარტა ხაზარაძემ


რამდენიმე დღის წინ „საქართველოს ბანკმა" „პროკრედიტ ბანკის" მიკრო ბიზნესის პორტფელი 45 მილიონ დოლარად იყიდა, მანამდე კი „თიბისი ბანკმა" „რესპუბლიკა ბანკის" აქციების 93,64% 315 მილიონ ლარად შეიძინა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner