ავტორი სალომე უერთაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი ახალ წელს სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილას ხვდება, თუმცა 2017 წლის აღნიშვნას ოჯახის წევრებთან ერთად, სახლში აპირებს.
„რეპორტიორთან" საუბრისას, ზაზა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ დიდად მეკვლის ფეხს ყურადღებას არ აქცევს, თუმცა მიიჩნევს, რომ კარგ ოჯახს კარგი მეკვლე სჭირდება.
- სად ხვდებით ახალ წელს?
- 2017 წელს სახლში შევხვდები, ისე ახალ წელს სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილას აღვნიშნავ.
- მონაწილეობას თუ იღებთ წინასაახალწლო სამზადისში?
- სიმართლე გითხრათ არა, ახალ წელს სამარხვო სუფრა გვექნება და ამ ყველაფერს ქალები მიხედავენ.
- ოჯახში რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია ხომ არ გაქვთ?
- არაფერი განსაკუთრებული. სადად და ლამაზად ვხვდებით ახალ წელს, ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე.
- მეკვლის ტრადიციაზე რას გვეტყვით, არის თქვენთვის მნიშვნელოვანი?
- გადამწყვეტ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, თუმცა კარგ ოჯახს კარგი ადამიანის შემოსვლა და დაბედება უხდება, სასიამოვნოა ეს ყველაფერი.
- რას უსურვებდით ქვეყანასა და მოქალაქეებს?
- საქართველოს გადარჩენას, სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობას ვუსურვებ. ჩვენი ქვეყნის ბედი სხვას არ უნდა გადავაბაროთ, გაჭირვებაში არ უნდა მივატოვოთ ის. მოგეხსენებათ, რა უბედურება ტრიალებს მსოფლიოში, როგორ მარტივად ხოცავენ ადამიანები რეთმანეთს. იმედია ეს ყველაფერი ძალიან მალე გამოსწორდება. ყველა იმ ადამიანს, ვინც უიმედოდაა, გაძლიერებას ვუსურვებ. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი უძვირფასესი საქართველო.