ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი კობა ხაბაზს პასუხობს:
„ამას წინებზე, როცა დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა, მართლა ვიხუმრე, კობა ხაბაზი ამერიკელ ოლიგარქთან ბრძოლას აპირებს-მეთქი. ვიმეორებ, ვიხუმრე და სულაც არ მომსვლია აზრად, რომ ამას ქართული საზოგადოება სერიოზულად მიიღებდა, ან საინფორმაციო სააგენტოები სერიოზულად გააშუქებდნენ. სხვათა შორის, ვერც იუმორით დაჯილდოვებულმა კობა ხაბაზმა გამიგო და ასეთი ზღაპარი დამიწერა:
„კობა ხაბაზი: ნუ უწოდებთ ასეთ პატარა კაცუნას ჟურნალისტს ნამდვილად არ ვაპირებდი ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. თავიდან ჩავთვალე, რომ ასეთ სისულელეს გონებრივად ჩამორჩენილიც კი არ დაიჯერებს მეთქი, მაგრამ როცა ლამის ათობით სააგენტომ გადაბეჭდა, უკვე ვხვდები, რომ აშკარად მიზანმიმართულ კამპანიასთან მაქვს საქმე. თანაც მეთოდიც ნაცნობია, რუსული, დიახ რუსული სპეცსამსახურებისთვის დამახასიათებელი მეთოდი, რომელიც ორი კომპონენტისგან შედგება: პირველი კომპონენტი - ხუმრობით თქვა შესავალი და მოაყოლო ბინძური ტყუილი; მეორე კომპონენტი - გაავრცელო ეს სიბინძურე და თავის ამართლებინო სისულელეზე. ,მოდი ვნახოთ რამდენად აკმაყოფილებს ვინმე ზედელაშვილის სიბინძურე ამ სტანდარტებს:
პირველი კომპონენტის შესასრულებლად იგი თავიდან იწყებს ხუმრობით - "„როგორც ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოდან მატყობინებენ, ჰილარი კლინტონი და მეგი გოცირიძე შოკში არიან...."
მეორე ნაწილში კი კლასიკური, ბინძური ტყუილი - "კობა ხაბაზის თქმით, ‘თავისუფალი ზონა" ბოლომდე იბრძოლებს იმისთვის, რომ აშუშუ იხსნას ოლიგარქ ტრამპის კლანჭებიდან".
ჰო, ზედელაშვილს არც ამ სისულელის ბოლო სიტყვების სათაურად გამოტანა დავიწყებია, ძალიან კარგად იცის, რომ უამრავი სააგენტო, გაზეთი თუ ჟურნალი გადაიტანს ამ სათაურით და სიბინძურის გავრცელებაც გარანტირებულია...იმართლოს თავი რამდენიც უნდა, რომ არსად, არასდროს უთქვამს ასეთი რამ, ხოლო თუ ჩანაწერს, ან რაიმე მტკიცებულებას მოითხოვს, პასუხიც მზად აქვს - ვიხუმრე, როგორ ვერ მიხვდითო...
არა, არც მტკიცებულებებს ვითხოვ და არც თავის მართლებას, რომ არსად მითქვამს ეს სისულელე, მაგრამ ჟურნალისტებს მინდა ვთხოვო, რომ ნუ უწოდებთ ასეთ პატარა კაცუნას ჟურნალისტს, ჟურნალისტი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ამ პროფესიის პატივისცემა იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებმაც მართლა საოცარი გმირობები გამოიჩინეს ვარდების რევოლუციის დროს, აჭარის ქართულ სივრცეში ფაქტობრივი დაბრუნებისთვის ბრძოლაში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, არასდროს დამავიწყდება მათი შემართება, მათი გმირული სულისკვეთება, ისინი არიან ჩემთვის ჟურნალისტები და არა დავითაია-ზედელაშვილის მსგავსები"!
კობა ხაბაზი
აუცილებელი განმარტება!
ბატონო კობა... ბატონო ლუი, ჩემს ჟურნალისტობას და კაცობას ნუ შეეხებით, თორემ ეგრევე თქვენი აჭარის ჯანდაცვის მინისტრობა მახსენდება, მედიკამენტებიდან მარტო "ანალგინს" რომ სცნობდით. ხან ეს იყავით, ხან ისა, ბოლოს კი რატომღაც ჟურნალისტად "ჩამოყალიბდით". აღარ მინდა, სხვა "გრეხებიც" გაგიხსენოთ, თან მეზარება, თან კიდევ არ გთვლით ღირსად, რომ სერიოზული ბაასი გაგიბათ, რადგან სისულელებს წერთ!
ვარდების რევოლუციაო, აჭარის გათავისუფლებაო, 2008 წლის ომიო... თქვენ წარმოიდგინეთ, პირველში ჩემი წვლილი მართლაც მაქვს შეტანილი და ახლა ვნანობ, რომ ასეთ ავადმყოფებს ჩაგივარდათ ქვეყნის სადავეები ხელში! მეორე შემთხვევაში არ მიმიღია მონაწილეობა, ჩემთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის მეთოდები, რაც თქვენ გაითამაშეთ აჭარაში. მესამე შემთხვევაში - რა გითხრათ, რით გაგახაროთ? გორში ვიყავი, რაც ხდებოდა, ვწერდი, ჩემს მოვალეობას ვასრულებდი. რაც მართალია, მართალია, ავტომატი არ მისვრია. ამ ომთან დაკავშირებით რა აზრი მაქვს, ეს სხვა საკითხია, ამაზე არც ვწერ და არც ვლაპარაკობ. რასაკვირველია, ყველაფერში რუსეთია დამნაშავე, მაგრამ სახელისუფლებო წრეებშიც რომ ავადმყოფური აზრები გიტრიალებდათ, ეს კარგად ვიცი!
მოკლედ, ასეა თუ ისე, ბოლოს კიდევ ერთხელ ვაღიარებ, დონალდ ტრამპზე ვიხუმრე... აბა, სერიოზულად ხომ არ იტყოდით, აშშ მისი კლანჭებიდან უნდა ვიხსნაო? თქვენ სად გაქვთ მაგისი ტ...?! გეფიცებით, არ მქონია არანაირი გათვლა, რომ ამას სააგენტოები აიტაცებდნენ. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენში ძალიან ბევრი მხოლოდ სათაურებს კითხულობს!
ნუ გწყინთ, ნუ ბრაზობთ, თქვენ ხომ იუმორის დიდი ნიჭი გაგაჩნიათ? აი, თუნდაც... რომ იძახით, მიშა დაბრუნდება და ხელისუფლებაში მოვალთო, ესეც ხომ მაგარი ხუმრობაა? აი, კაცუნას რომ მიწოდებთ, ვიცი, რომ ამასაც გულით არ ამბობთ... ვიცი, რომ ხუმრობთ!
არ დაიჯერებთ, თქვენი პერსონა მართლა არ მაღიზიანებს, რატომღაც მგონია, "ნაციონალი" გარეგნულად ხართ, მაგ მკერდში კი ბაჯაღლოს გული გიცემთ!
არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნება... მიშა ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში, მაგრამ ეგ არ არის მთავარი, როცა ატრაკებთ, ხომ გიხარიათ?!
ეჰ, ლუი ბატონო, მაინც ვერ გავიგე, რატომ არ მოგწონთ დონალდ ტრამპი?!
პატივისცემით, გელა ზედელაშვილი"