სავაჭრო ცენტ „ბავშვთა სამყაროში" ხანძარი დილის სამი საათისთვის გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერი დავით ნარმანია, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ „ბავშვთა სამყაროსა" და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრისგან დაზარალებული მოვაჭრეების წინაშე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ბაზრობის ადმინისტრაციამ უნდა აიღოს.
დავით ნარმანია ხანძრისგან დაზარალებულ მოვაჭრეებს გაესაუბრა და „ბავშვთა სამყაროს" მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია დაათვალიერა.
როგორც ნარმანიამ განაცხადა, ხანძრის მასშტაბი ძალიან დიდი იყო, თუმცა ამ ეტაპზე ლოკალიზებულია.
„ზარალი არის ძალიან დიდი. ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა და მათი მხრიდან ისმის კითხვები, როგორ მოხდება ზარალის ანაზღაურება. დაზარალებულებისა და ჩვენი მხრიდან მთავარი აქცენტები კეთდება ბაზრობის ადმინისტრაციაზე. ბაზრობის ადმინისტრაციამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ ადამიანების წინაშე. ადმინისტრაცია, პირველ რიგში, პასუხისმგებელია, გამოჩნდეს ამ ადამიანებთან, უთხრან მათ, რით შეუძლიათ დაეხმარონ. გამოძიებით უნდა დადგინდეს ხანძრის გამომწვევი მიზეზები. ძალიან ბევრ კითხვას, რომელიც ამ ადამიანების მხრიდან არსებობს, უნდა გაეცეს პასუხი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
დავით ნარმანიამ ასევე უპასუხა მოვაჭრეების პრეტენზიას, რომ ადგილზე სახანძრო ბრიგადა დაგვიანებით მივიდა და საკმარისი წყალი არ ჰქონდა.
„ქალაქის სამაშველო სამსახური ერთ-ერთი ოპერატიული სამსახურია. არ მგონია, რომ მსგავს რამესთან გვქონდეს საქმე", - განაცხადა ნარმანიამ.
ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები. შინაგან საქმთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.