საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი დავით გელაშვილი „ბავშვთა სამყაროში" ხანძრის გაჩენის ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, სავაჭრო ცენტრის მზიდი კონსტრუქცია დაზიანდა და ამჟამად, შენობა ავარიულია.
როგორც დავით გელაშვილმა აღნიშნა, ხანძრის შესახებ ინფორმაცია 04:10 საათზე შევიდა, ხოლო პირველი დანაყოფი 3 წუთში მივიდა ადგილზე. მისივე თქმით, ცეცხლი თითქმის მთლიან შენობას ეკიდა.
„3 წუთში მოვიდა პირველი დანაყოფი, დადასტურდა ფაქტი, რომ იწვოდა „ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიაზე ღია სავაჭრო ფართი, 3 000 კვ. მეტრზე მეტი. ადგილზე მუშაობდა 31 სახანძრო დანაყოფი, თუმცა 5 წუთში, ხანძრის ქრობიდან ცეცხლი გავრცელდა „ბავშვთა სამყაროს" მთლიან შენობაზე, რომლის ფართი 10 000 კვ. მეტრია, ხოლო ცეცხლის ქრობიდან 10-12 წუთში, 18 000 კვ.მეტრი ღია ცეცხლის ფართობი იწვოდა. „ბავშვთა სამყაროს" მზიდმა კონსტრუქციამ დაზიანება მიიღო და ამჟამად შენობა ავარიულია. ამ მომენტისათვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ცალკეული ობიექტების დამუშავება", - განაცხადა დავით გელაშვილმა.
გელაშვილი ამ ეტაპზე ხანძრის გაჩენის მიზეზებს ვერ ასახელებს. ადგილზე ამჟამადაც სახანძრო სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.