ფონდი „ქართუ" ლანჩხუთში რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სარემონტო სამუშაოებს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნუგზარ ბოლქვაძე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს და საკრებულოს დეპუტატებს შეხვდა.
ნუგზარ ბოლქვაძემ დამსწრე საზოგადოებას პროექტი წარუდგინა. მისი თქმით, სამუშაოები სავარაუდოდ, თვენახევარში დაიწყება.
გარემონტდება შენობის მეორე სართული, სადაც მოეწყობა სამეანო-საოპერაციო, ახალშობილის რეანიმაციის, ქირურგიის, გასტეროსკოპიის, პოსტოპერაციული და ა.შ. კაბინეტები.
სტაციონარი 20 საწოლზე იქნება გათვლილი. მოეწყობა გათბობისა და კონდიცირების თანამედროვე სისტემა.
სამუშაოები 2017 წლის ბოლოსთვის დასრულდება.
ამ დროისთვის ადგილზე ამბულატორიული და სტაციონარული სერვისების სრული სპექტრია ხელმისაწვდომი, მათ შორის გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება, რეანიმაცია, ქირურგია, თერაპია, ლაბორატორია, რადიოლოგია, ანტენატალური მეთვალყურეობა და „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის" სახელმწიფო პროგრამა, ასევე დანერგილია C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა.
შეხვედრის დასასრულს პროექტს სიმბოლურად ხელი მოეწერა.