ქართლის ქარის ელექტროსადგურმა 2017 წლის იანვარში დაგეგმილზე მეტი ელექტროენერგიის გამომუშავება შეძლო.
ალტერნატიული ენერგიის წყაროთი ქვეყანამ 6.54 მლნ კილოვატ/საათი ელექტროენერგია მიიღო, რაც საპროგნოზო მაჩვენებელს 140 000 კილოვატ/საათით აღემატება.
ამასთანავე, სადგური 27 იანვრიდან მოიხსნა სატესტო რეჟიმიდან და კვალიფიციურ საწარმოდ დარეგისტრირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 1 კილოვატ/საათზე 6.89 აშშ ცენტად შეისყიდის.
შეგახსენებთ, რომ ქართლის ქარის ელექტროსადგური სატესტო რეჟიმში 2016 წლის ნოემბრის შუა რიცხვებიდან იმყოფებოდა და სისტემისთვის მიწოდებული ენერგია 1 თებერვლის მდგომარეობით ჯამურად 15 567 000 კილოვატ/საათს შეადგენს.