„ოქროს სამყაროს" კომერციული დირექტორის ამირან მარიამიძის განცხადებით, შენობის დემონტაჟი 2 თებერვლიდან დაიწყება, რის შემდეგაც მოვაჭრეებს საშუალება ექნებათ შენობის ტერიტორიაზე შესვლის და საკუთარი ძვირფასი ნივთების მოძებნის.
„მე ველაპარაკე „ბავშვთა სამყაროს" დირექტორს გიორგი მაჭავარიანს, რომელიც ამჟამად თბილისის მერიაში იმყოფება. მას შემდეგ, რაც ექსპერტები დადებენ წერილობით დასკვნას, იმის შესახებ, რომ შენობაში ამ ვითარებაში შესვლა არ შეიძლება, მაჭავარიანი წაიღებს დასკვნას მერიაში, სადაც შეხვედრა უკვე შეთანხმებულია, ხოლო თბილისის მერია მისცემს იმის უფლებას, რომ დაიწყონ შენობის დემონტაჟი. შენობის დემონტაჟი ზუსტად იმ ადგილიდან დაიწყება, სადაც მოვაჭრეების ძვირფასი ნივთებია მიმოფანტული. ამის შემდეგ მოვაჭრეებს შეეძლებათ ეტაპობრივად შესვლა და საკუთარი ძვირფასეულობის მოძებნა", - განაცხადა ამირან მარიამიძემ.
ამირან მარიამიძემ „ბავშვა სამყაროსთან" შეკრებილ მოვაჭერეებსაც მიმართა და დაშლისკენ მოუწოდა.
„დღეს ტყუილად ვდგავართ აქ. ადგილზე მობილიზებულია დაცვა, რომელიც ტერიტორიას იცავს, ასე რომ, საშიში არაფერია და შეგიძლიათ სახლში წაბრძანდეთ. ხვალ შეგიძლიათ მოხდვიდეთ, დაესწროთ დემონტაჟს და როდესაც უსაფრთხო იქნება შესვლა, ეტაპობრივად შეხვიდეთ საკუთარ ნივთებთან", - განაცხადა ამირან მარიამიძემ.
მისი ამ განცხადების შემდეგ მოვაჭრეთა ნაწილმა, რომელთა ძვირფასეულობა კვლავ „ბავშვთა სამყაროს" შენობის ნანგრევებშია მოყოლილი, ტერიტორია დატოვა, მოვაჭრეების ნაწილი კი აცხადებს, რომ ისინი წასვლას არ აპირებენ.