logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ბიძინა ივანიშვილი არის კაცი, რომელმაც ეს ქვეყანა ამოიყვანა ჭაობიდან…
- +

4 თებერვალი. 2017. 22:17



„ბიძინა ივანიშვილი არის კაცი, რომელმაც პასუხისმგებლობა მთელი ქვეყნის წინაშე აიღო და ეს ქვეყანა ამოიყვანა ჭაობიდან... ქაქიდან ამოიყვანა და ჯოჯოხეთიდან. მან ასევე შექმნა პირველი პრეცედენტი მსოფლიოში - ნებაყოფლობით წავიდა ხელისუფლებიდან და ამით დაამტკიცა, რომ ძალაუფლებისთვის არ მოსულა, ამისთვის არ იბრძოდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველ პოლიტიკოსებს ყველაზე მეტად სკამის კომპლექსი აწუხებთ, ოღონდ ძალაუფლება ჰქონდეთ და საკუთარი სამშობლოს ხმარებაზე უარს არ იტყვიან. ახურდავებენ და ხმარობენ, როგორც უნდათ! ამათ უკვე სკამებს დააწერეს თავიანთი გვარები და სახელები. მაგალითად, სარეჟისორო სკამს აწერია რეჟისორის გვარი... ესენიც იგივეს აკეთებენ!", - ამის შესახებ რეჟისორი გოგა ხაინდრავა „გაზეთ" „ალიასთან" საუბრობს.


„იმის მაგივრად, რომ ქართული საზოგადოება მადლიერი იყოს, გამოდიან მოქილიკეები და რაღაცებს მიედ-მოედებიან. მე აღარაფერს ვამბობ "ნაციონალებზე" და ზომბებზე, ამჯერად ვლაპარაკობ თითქოს ჩვეულებრივ გულშემატკივრებზე. იმის ნაცვლად, რომ მადლიერება გამოხატონ ივანიშვილის მიმართ, არის გაუთავებელი ჭორაობა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, პირველ რიგში პრესას დიდი ხერხი აუღია და იმ ტოტს ხერხავს, რომელზეც ზის მთელი საქართველო. დღეს საქართველო რაზეც დგას, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი, მან თავისი ძალა დაგვანახა პოლიტიკაშიც და ბიზნესშიც სხვა ბიზნესმენებისგან განსხვავებით. სხვათა შორის, არც იმათ აკლიათ ოიდიპოსის კომპლექსი.

 

ივანიშვილმა პოლიტიკაშიც შექმნა ავტორიტეტი, ისე აღარ არის, როგორც აქამდე იყო, სადღაც ღილაკს თითს რომ დააჭერდნენ და აქ აყეფდებოდნენ, ასე ვთქვათ, მაღალჩინოსნები. ჩრდილოეთში მეორე ღილაკს დააჭერდნენ, აქ ვიღაცა ოპოზიციონერი გამოხტებოდა და დაიწყებდა ყეფას. აქამდე სულ ასე იყო, პირველად შეიქმნა ვითარება, როდესაც რეაგირება მაინც და მაინც არ ჩრდილოეთზეა და არც დასავლეთზე. რეაგირება არის საკუთარი ხალხის ღილაკებზე. ეტყობა, ეს არ მოსწონს ქართული საზოგადოების რაღაც ნაწილს, განსაკუთრებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს რომ ეძახიან თავიანთ თავებს. ასევე პრესას არ მოსწონს ეს ამბავი, მონობაში დაბადებულები მონობაში ცხოვრობენ, ვიღაცას უნდა ულოკონ ერთი ადგილი, ძირითადად იმათ, ვინც აფინანსებს. საიდანაც ფული მოსდით, იმ ჰანგზე მღერიან. დიახ, იმ ნოტზე მღერიან ეს არასამთავრობოებიც და პრესაც.

 

ბუნებრივია, ყველას არ ვგულისხმობ. არც არასამთავრობოებში ვგულისხმობ ყველას, იქაც არიან პატიოსანი ადამიანები. მე იმათზე გელაპარაკებით, ვინც ყველაზე აქტიურია. მიდის გაუთავებელი ლანძღვა-გინება, ერთი მაგათ თავებში ჩამახედა, მაგათ სინდისში ჩამახედა... იქ უნდათ, მიშასთან უნდათ, მიეჩვივნენ იქ ყოფნას, იქიდან გამოზრდილები და გამოსულები არიან, ერთი მსოფლმხედველობა აქვთ. მიეჩვივნენ, ვანო მერაბიშვილი "დუბინკას" რომ სთხრიდა ერთ ადგილას. დღეს, როცა საშუალება აქვთ, რომ რასაც უნდათ, იმას იტყვიან, აუშვეს პირი ქოთანს და მიდი, მოვდივარ, რააა!

 

დღევანდელ სიტუაციას რომ მიშა სააკაშვილის რეჟიმს შეადარებ, რაზეა ლაპარაკი? ერთ-ერთ პოპულარულ გაზეთში წავიკითხე: კი, მაშინდელთან შედარებით დემოკრატია ცოტა მეტია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავსო. ცოტა მეტია დემოკრატია საქართველოში? ესე იგი, სააკაშვილის დროს იყო და ახლა ცოტა მეტია? ამას რომ ჟურნალისტი დაწერს, იმას თავმოყვარეობა აქვს საერთოდ, ან კიდევ სინდისი? კი, ცოცხს აღარ გვირჭობენ ერთ ადგილას, მაგრამ ესენიც უვარგისები არიანო. პირველივე დღიდან იგივე ტონალობაში დაიწყეს ლაპარაკი, როგორც ახალაიებზე, სააკაშვილზე და მერაბიშვილზე ლაპარაკობდნენ, ამ ბოროტების მოციქულებზე. ამათ ყოველდღე უნდა უტრიალონ ციხის კადრები, არ უნდა დაავიწყდეთ, რა ხდებოდა საერთოდ!

მესმის, რომ პრესა კრიტიკისთვის არსებობს, მაგრამ კრიტიკას და სინდისს რაღაც ფარდობითობა ხომ უნდა ჰქონდეს ერთმანეთში?

 

კი, ბატონო, შეიძლება ეკონომიკურად რაღაც გარდატეხა არ შეუტანიათ, რაღაც პრობლემები არის, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმსა და დღევანდელ ხელისუფლებას შორის სხვაობას ვერ უნდა ხედავდე? ან ამ ტელევიზიებში რა ხდება, ეს რა შოუებია, ესენი რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ? შეიძლება, მარტო სიბინძურეში და ლაფში იყო ამოთხვრილი ხელიან-ყურიან-ფეხიან-თვალიანად? ამის მეტი ამ ქვეყანაში არაფერი ხდება? დღეს მიდის საზოგადოების მიზანმიმართული მოწამლვა. რაც მთავარია, იმ ტოტს ჭრიან, რომელზეც ზის ეს სახელმწიფო, სამწუხაროდ სხვა ტოტი ამ ხეს არ დარჩა. ჩამოვარდება ეს ტოტი და ისევ იმ ლაფში ამოხდებათ სული, სადაც იყვნენ აქამდე. აყროლებულ ტალახში ეყარნენ და ეტყობა, მიეჩვივნენ, განსაკუთრებით. იქ უნდათ ისევ ყოფნა, ეგენი სიბნელეში იყვნენ კარგად.

 

ერთი ამ მოსმენების გასაღებზე რომ ატეხეს ერთი ამბავი, საკუთარი გასაღები რომ დაკარგა ბევრმა, ვანო მერაბიშვილის დროს ეს გასაღები საერთოდ ვის ჰქონდა, ამაზე რატომ არ ლაპარაკობდნენ, ამ საკითხს რატომ არ აყენებდნენ? რატომ არც ერთი არასამთავრობო არ კითხულობდა, ეს გასაღები სად არისო? ან ჩვენს უფლებებს რატომ არ იცავდნენ ასე თავგამოდებით? ესე იგი, მარტო იმათ უფლებებს უნდა იცავდნენ, რაღაცებს გაუკუღმართებულად რომ აკეთებენ? მარტო იმათ აქვთ უფლებები? სხვას ამ 9 წლის განმავლობაში არავითარი უფლება არ ჰქონდა, თვალებს რომ თხრიდნენ და ჯოხებს რომ თხრიდნენ უკან? ერთ ღამეში 200 კაცს რომ იჭერდნენ ვაკეში, მაღაზიების მეპატრონეებს, მაშინ ადამიანების უფლებები არ ირღვეოდა? ეს არასამთავრობოების ტრიო რომ შექმნეს საქართველოში და ყველაფერზე წივის, სად იყო მაშინ? ესენი არაქართული არასამთავრობოები არიან, საიდანაც ფულს იღებენ, იმათ უმღერიან და უძვრებიან. ეს ცნობილია ჩვენთვის.

 

ივანიშვილი ქვეყანას კულისებიდან მართავსო... თვითონ საიდან მართავენ? ზოგი ვაშინგტონიდან მართავს, ზოგი - მოსკოვიდან, ზოგი - კიევიდან. უფრო სწორად, თვითონ იმართებიან. მაგათგან განსხვავებით, ბიძინა არც იქიდან იმართება და არც აქედან, მაგაში დარწმუნებული ვარ. საზღვარი ხომ აქვს ყველაფერს? მე ვიღაცის მეხოტბეობას ვერავინ დამაბრალებს, ვიძახი იმას, რაც არის და როგორც ვხედავ. ძალიან კარგად ვიცი ქართველი პოლიტიკოსების ფასი, რას წარმოადგენენ, რისი მაქნისები არიან თავიანთ დედიან-ბუდიან-ოპოზიციან-მამიან-ბიძიანად. ჩემზე კარგად ძალიან ცოტამ იცის საქართველოში, რას აკეთებდნენ მთელი ცხოვრება, რისი ამშენებლები არიან. ორკაციანი პარტიები რომ არიან და თავი ქვეყნის გადამრჩენები ჰგონიათ, რა გადამრჩენებიც არიან, ხომ კარგად ვიცით? ეს პოლიტიკური წუმპე უნდა დამთავრდეს საქართველოში, ამ წუმპეების ბინადრობა უნდა დამთავრდეს ქართულ პოლიტიკურ ოლიმპზე. წვალობენ, რააა, სიყრმის ასაკში ბიჭები ერთ რაღაცას რომ აწვალებენ, ისე აწვალებენ ამ პოლიტიკას და ელოდებიან დიდ ბატალიებს. არაფერი არ იქნება, ზოგს გადააყენებენ, ზოგს დანიშნავენ და ყველაფერი მაინც ისე იქნება, როგორც ხალხის ჯანსაღ ნაწილს უნდა!", - აღნიშნავს ხაინდრავა. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner