განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმების საკითხზე განაცხადა, რომ ამ სკოლამ ვერ დააკმაყოფილა კონკრეტული საკანონმდებლო მოთხოვნები.
მინისტრს არ დაუკონკრეტებია, კერძოდ, რა დარღვევები გახდა ავტორიზაციის გაუქმების მიზეზი.
„დოკუმენტაციაზე კონკრეტულად ხარისხის ცენტრს უნდა მიმართოთ იმიტომ, რომ მე ტექნიკური სპეციალისტი არ ვარ. დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს ანუ სკოლაში მყოფი მოსწავლეების დოკუმენტაცია არ იყო სრულყოფილი. სკოლაში, სადაც შეინიშნება არაჯეროვანი შესრულების ნიშნები, განმეორებითი მონიტორინგი არის მიღებული პრაქტიკა ანუ ჩვენ ვცდილობთ, პირველივე შემთხვევაში კი არ ჩამოვართვათ ავტორიზაცია, არამედ პირიქით, მივცეთ საშუალება, რომ გაითვალისწინონ შენიშვნები. ამიტომ, განმეორებითი მონიტორინგის დროს ვცდილობთ შევამოწმოთ, რამდენად გამოსწორდა ხარვეზები", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ჯეჯელავას განცხადებით, სრული დოკუმენტაციის გადაგზავნამდე სკოლას უფლება აქვს, სასწავლო პროცესის წარმართოს.
„თვითონ დირექტორმა გადაწყვიტა, რომ გააგრძელებს სასწავლო პროცესს ოფიციალური დოკუმენტის მიღებამდე. სავარაუდოდ, აქვთ ამის უფლება. რაც შეეხება ბავშვებისა და პედაგოგების გადანაწილებას, ჩვენ ყველა წინა შემთხვევებაში ფაქტობრივად, სულ რამდენიმე დღე დაგვჭირდა რომ ბავშვები დაგვებინავებინა სხვა სკოლებში. მათ კანონით აქვთ გარანტია, რომ განათლების გარეშე არ დარჩებიან არც ერთ შემთხვევაში. პედაგოგებს რაც შეეხება, ჩვენ შევეცდებით, ვთხოვოთ სხვა სკოლებს, განიხილონ მათი კანდიდატურები, თუკი ვაკანსიები ექნებათ ან შეექმნებათ", - აღნიშნა ჯეჯელავამ.
ჯეჯელავა სახალხო დამცველის განცხადებასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ „მეზობელ სახელმწიფოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი არ უნდა აისახოს საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაზე" და აღნიშნა, რომ იზიარებს ამ პოზიციას.
„ამ განცხადებას ჩვენც ვიზიარებთ, არც ერთი ქვეყნის არანაირი პოლიტიკური პროცესი, მათ შორის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური პროცესები, არ უნდა აისახებოდეს და არც აისახება სკოლებზე და საგანმანათლებლო სისტემაზე", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ავტორიზაციის საბჭომ ბათუმში არსებულ შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია ბავშვების სკოლაში ჩარიცხვასთან დაკავშირებული ხარვეზების გამო 3 თებერვალს გაუუქმა.