საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, E60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის (რიკოთის გვირაბის აღმოსავლეთ პორტალი) 14 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებისთვის სატენდერო წინადადებების მიღება დაასრულა. სამშენებლო სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება.
სატენდერო წინადადება 13 კომპანიამ წარმოადგინა, რომლებიც წინასაკვალიფიკაციო ეტაპზე წარმოდგენილი 40 კომპანიიდან შეირჩნენ.
ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობა, მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისა (IBRD) და ევროპის საინვესტიცო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. აღნიშნული მონაკვეთი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის, 4-პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი მიმართულების - ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.
პროექტის ფარგლებში აშენდება: 4-ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.
ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის 14 კმ-იანი გზა, რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მიდის. ამ გზით ჩრდილოეთიდან გვერდს ავუვლით ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და გამოვალთ რიკოთის გვირაბთან.
ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთი ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ამ მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე და შემცირდება მგზავრობის დრო.