კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" და საბურთალოს რაიონის გამგეობა საბურთალოს რაიონში, ოდესის და ზაქარიაძის ქუჩების სრულ რეაბილიტაციაზე მუშაობენ.
სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ოპერაციული მართვის დირექტორმა მამუკა კიკალიშვილმა და საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ მოინახულეს.
ოდესის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - 690 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება და 6 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება.
ამავე რაიონში, ზაქარიაძის ქუჩაზე, კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაიწყო - წყალსადენის ქსელის 400 მეტრის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება და 3 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება.
საბურთალოს რაიონში, სარეაბილიტაციო სამუშაოებს, წამყვანი ქვეყნების მიერ წარმოებული, უახლესი სპეცტექნიკით აღჭურვილი ტექნიკური ბრიგადები ახორციელებენ.
ზაქარიაძის და ოდესის ქუჩების ინფრასტრუქტურის განახლება თებერვლის მეორე ნახევარში დასრულდება, რის შედეგად საბურთალოს რაიონის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
აღნიშნულ პროექტებში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" 260 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს. ოდესისა და ზაქარიაძის ქუჩებზე, წყალსადენის ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბურთალოს რაიონის გამგეობა ასფალტის ახალ საფარს დააგებს.