logo_geo
eng_logo
თბილისის მუნიციპალურ ავტობუსებში გადახდის ახალი სისტემა ამოქმედდება
- +

8 თებერვალი. 2017. 12:07




თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით, მუნიციპალურ ავტობუსებში ახალი სალარო აპარატების განთავსება დაიწყო. მგზავრობის საფასურის გადახდის ახალი სისტემა უკვე დამონტაჟდა ახალი, ლურჯი ავტობუსების ნაწილში. ახალი აპარატი მგზავრს ბილეთს არ აძლევს, მან კონტროლიორს ბარათი უნდა წარუდგინოს. კონტროლიორს აქვს მობილური აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც მის ბარათზე მგზავრობის საფასურის გადახდის ტრანსაქციები მოწმდება.


გარდა ამისა, თუ კონტროლიორი მგზავრისგან მოითხოვს ბარათის შემოწმებას, მგზავრი არ არის ვალდებული, ხელიდან ხელში გადასცეს საბანკო ბარათი, მგზავრს შეუძლია, ბარათი თავადვე დააფიქსიროს კონტროლიორის აპარატზე.


როგორც „სითი კვირას" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუმარტეს, ​ახალი სისტემა როგორც ახალ, ისე ძველ ავტობუსებშიც მონტაჟდება და მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ ავტობუსები გადავიდეს ახალი გადახდის სისტემაზე. ეს აპარატები იღებს „საქართველოს ბანკის" ყველა ბარათს, მათ შორის მეტრომანს, პენსიონერის ბარათს, სასკოლო ბარათს და საშეღავათო ტარიფიან ბარათებს.


კითხვაზე, საბანკო ბარათის წარდგენის შემთხვევაში, რამდენად არის დაცული მფლობელის უფლებები, კომპანიაში განმარტავენ, რომ პირადი მონაცემების უსაფრთხოების ნორმები აბსოლუტურად დაცულია. ბარათზე მოქმედებს უსაფრთხოების ზომების ყველა ის სისტემა, რაც ზოგადად ტრანსაქციებთან არის დაკავშირებული და კონტროლიორს ხელი არ მიუწვდება სხვა ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებულ ინფორმაციებზე. ოპერატორი ხედავს მხოლოდ მგზავრობის ტრანსაქციებს, სად გადაიხადა, როდის გადაიხადა, რომელ ავტობუსში, რომელ მარშრუტზე და რა დროს.


„ხშირია შემთხვევები, როდესაც მგზავრი იღებს ბილეთს, ჩადის გაჩერებაზე და ბილეთი უკვე დაკარგული აქვს ან გადაგდებული და კონტროლიორს ეუბნება, რომ მგზავრობის საფასური გადაიხადა. შესაძლოა, ბილეთი არც ჰქონდეს რეალურად აღებული. ახალი სისტემა ძალიან ბევრ დისკომფორტს აგვაცილებს თავიდან. ასევე, ბილეთების ქუჩაში დაყრით გარემო არ დანაგვიანდება", - აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.


​მათივე ინფორმაციით, გადახდის ეს სისტემა ნაღდ ანგარიშსწორებას არ ითვალისწინებს. სამგზავრო ან საბანკო ბარათის აპარატზე შეხებისას მგზავრი ეკრანზე უნდა დაელოდოს ინფორმაციას. თუკი ტრანსაქცია წარმატებით შესრულდა, აპარატი ეკრანის მწვანე ფონზე ავტომატურად მიაწვდის ინფორმაციას გადახდის წარმატებით დასრულების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ გადახდა არ შესრულდა, აპარატის ეკრანის წითელ ფონზე გამოდის ინფორმაცია გადაუხდელობის შესახებ. შესაძლებელია, ეს იყოს ნაშთის არარსებობა, ბარათის შეზღუდვა ან პროგრამული ხარვეზი.


როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავენ, გადახდის თანამედროვე სისტემა გამარტივებული და მოსახერხებელია მგზავრებისთვის. მალე მგზავრები სხვა ნებისმიერი ბანკის ბარათების გამოყენებასაც შეძლებენ.


მათივე თქმით, უახლოეს მომავალში დაიწყება მუშაობა იმაზე, რომ მგზავრებმა შეძლონ სხვა ნებისმიერი ბანკის ბარათით სარგებლობა. ავტობუსში არსებობს ალტერნატივა ძველი აპარატის სახით, რადგან შეიძლება იყოს ისეთი მგზავრი, რომელსაც არანაირი ბარათი არ გააჩნდეს და ნაღდი ფულით შეძლებს მგზავრობის საფასურის გადახდას.


პროგრამულ ხარვეზებზე მუშაობს კომპანია „ემ-ეს პლუსის" სპეციალურ ტექნიკოსთა ჯგუფი, მუშაობა დისტანციურად ხორციელდება.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner