„ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" არ გამიკეთა, ამ ყმაწვილებმა, დღევანდელმა თეატრის მმართველებმა გამიკეთეს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა „მარშალპრესის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, თეატრების ოპტიმიზაციაზე საუბრისას განაცხადა.
„მე მაინც მეგონა, რომ რუსთაველის თეატრი მადლობას გადამიხდიდა იმის გამო, რომ თეატრი გადავარჩინე. ჩემს თავზე ავიღე ძალიან დიდი დარტყმა, რაც არაერთხელ გამიკეთებია. ფინანსურ კოლაფსში რომ არ ჩავარდნილიყო თეატრი, „ჩემი წამოსვლა თეატრიდან აუცილებელი იყო", ხუთ თანამშრომელთან ერთად, როგორც ჩანს, ერთი თანამშრომელი მეც გახლდით ამ თეატრის. ასე რომ, გადარჩა თეატრი, „ასეთი ვაჟკაცობა ჩავიდინე".
ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" არ გამიკეთა, ამ ყმაწვილებმა, დღევანდელმა თეატრის მმართველებმა ჩაიდინეს. ცოტა მეტი ვაჟკაცობა და შნო უნდა ჰქონდეთ, რომ სიმართლე ილაპარაკონ. არავითარ ბოღმას არ ვიტოვებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათ ამ საქციელით ბევრი რამ დაუშავეს საკუთარ თავს, ვიდრე - მე. ისინი ძალიან მალე დაამთავრებენ, მე კიდევ დავიწყებ...
თეატრების ბევრი ხელმძღვანელი დასაფასებელია, რადგან მაქსიმალურად უფრთხილდებოდნენ ამ მტკივნეულ პროცესებს. თუმცა, გენიალური ისტორიით, ქართულ თეატრს სადღაც ცვლილება მაინც სჭირდება. უკვე აღარ არიან ისეთი რანგის პედაგოგები, როგორებიც იყვნენ, თუნდაც რეჟისორები... ბევრი რამ არის შესაცვლელი. მეჩვენება, რომ მთლად წინსვლებიც ვერ არის... თუმცა, ბევრი ნიჭიერი ადამინიც არის და კიდევ გამოჩნდება ამ ხელობაში. ვფიქრობ, ბევრი რამ მოგვიძველდა.
ზოგიერთ რეჟისორს მინდა მივმართო, მსახიობებს კარგად მოექცნენ, იმიტომ, რომ ძალიან ძვირფასი ხალხია. ეს ხომ ის ხალხია, ვისთან ერთადაც თქვენ სპექტკლსა და იდეას ახორციელებდით. კარგად, ცოტა თბილად მოექეცით, ნუ აშანტაჟებთ, ნუ აყენებთ ცდუნებისა და არჩევანის წინაშე, ნუ აძლევთ დაბალ ჰონორარებს!
ისევ ენთუზიასტების ხარჯზე გადის ეს ხელობა. 150 წლის ისტორიის მქონე, მილიონიანი ღირებულების პროფესია გვაქვს, მაგრამ რა ვქნათ, რომ აქ ეს ხელობა პროფესიად ვერ გადაიქცა?! ენთუზიაზმი და ბევრი რამ საკუთარ თავზე გამომიცდია, მაგრამ ახლა ენთუზიასტობა აღარ მინდა. ეს ვრცელი თემაა, რაზეც ძალიან ბევრი მაქვს ნაფიქრი. ვფიქრობ, სწავლა-განათლება ახლებურად უნდა გადაიხედოს", - განაცხადა ზაზა პაპაუშვილმა.
ცნობისთვის, ზაზა პაპუაშვილი რუსთაველის თეატრიდან გაათავისუფლეს. შესაბამისი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დღის წესრიგში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების საკითხი დადგა.