საავტომობილო გზების დეპარტამენტში, E60 ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის, ფინანსური წინადადებები გაიხსნა. ტექნიკური წინადადება სულ 14 კომპანიამ წარმოადგინა, საიდანაც 5 კომპანია შეირჩა და მათ მიერ შემოთავაზებული ფინანსური წინადადებების შეფასება მოხდება.
სამტრედია-გრიგოლეთის გზის 12 კმ-იანი მონაკვეთის (მე-3 მონაკვეთი) მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროკავშირი აფინანსებენ. მშენებლობის პროექტი, 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 6 სახიდე გადასასვლელის, 2 სატრანსპორტო კვანძის და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნული მონაკვეთი გურიის რეგიონში - ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს გაივლის.
სამტრედია-გრიგოლეთის გზა (სულ 52 კმ-იანი მონაკვეთისაგან შედგება) ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 42-ე კმ-ზე, მდ. ოჩოფასთან იწყება და გრიგოლეთის ტერიტორიაზე, მდინარე სუფსასთან მთავრდება.
ამ გზის ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტი 4 მონაკვეთად ხორციელდება. პირველ, მეორე და მეოთხე მონაკვეთზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
აღნიშნული მონაკვეთი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის, 4-პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი მიმართულების - ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.
პროექტის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფა. პროექტის განხორციელების ვადები 2017-2019 წლებია.