განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ თსუ-ს 99 წლის იუბილეზე განაცხადა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხარისხი მნიშვნელოვნად აღემატება იმ სტანდარტებს, რაც იყო რამდენიმე წლის წინ და მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ სტანდარტებს, რომელიც ეკადრება ამ დაწესებულებას. ჯეჯელავამ აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი სამუშაოა.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. 99 წელი შეუსრულდა ჩვენს საყვარელ, მშობლიურ თბილისის სახელმწფიო უნივერსიტეტს. უნივერსიტეტის გახსნა ნებისმიერი ქვეყნის დამოუკიდებლობაში და თვითმყოფადობაში გადამწყვეტი ნაბიჯია, ამიტომ ძალიან სასიხარულოა ამ თარიღის აღნიშვნა", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მინისტრმა ასევე „აუდიტორია 115"-ის პროტესტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მოთხოვნების შესრულება უკვე რამდენიმე თვეა დაიწყო, ნაწილი უკვე შესრულდა, ნაწილი შესრულების პროცესშია.
„ეს ხალხი მაინც წყვეტს, რომ ხელი შეუშალოს თანატოლებს სწავლაში, რაც მე არ მგონია სწორი ფორმა. მე მოვიწონებ და მივესალმები პროტესტის გამოხატვის მშვიდობიან ფორმას, ოღონდ სწავლაში ხელი არავის უნდა შეუშალონ", - განაცხადა ჯეჯელავამ.