logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მივესალმებით „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ დაწყებულ პროცესს
- +

9 თებერვალი. 2017. 16:07


 

„მინდა, წარმატება ვუსურვო „საზოგადოებრივ მაუწყებელს" და გამოვთქვა იმედი, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვენ მივიღებთ ისეთ „საზოგადოებრივ მაუწყებელს", რომელიც იქნება ძალიან თანამედროვე, საინტერესო და მას დაეკისრება დიდი ფუნქცია", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.


გიორგი კვირიკაშვილი „საზოგადოებრივ მაუწყებელში" მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ, როგორც საზოგადოების, ისე ხელისუფლების ინტერესია, ქვეყანაში არსებობდეს წარმატებული და თანამედროვე „საზოგადოებრივი მაუწყებელი".


„ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია, საქართველოში არსებობდეს ყველაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, დამოუკიდებელი და საინტერესო „საზოგადოებრივი მაუწყებელი". დღეს ჩვენ ათეულობით მილიონ ლარს ვიხდით ამ პროდუქტში და ვერ შევეგუებით, რომ ამ თანხის შედეგად მივიღოთ პროდუქტი, რომელიც არ იქნება თანამედროვე და საინტერესო. ასევე გვინდა, რომ ეს იყოს მართლაც ჭეშმარიტად საზოგადოების ინტერესების გამომხატველი ტელევიზია. ამიტომ, ჩვენ მივესალმებით „საზოგადოებრივ მაუწყებელში" დაწყებულ პროცესს, მივესალმებით პოლემიკას, მივესალმებით მაქსიმალურ ჩართულობას, იმისთვის, რომ იყოს სხვადასხვა მიდგომების ჭიდილი. გვაქვს იმედი, რომ პროცესები წარიმართება ცივილიზებულად და მივიღებთ ისეთ ტელევიზიას, როგორსაც იმსახურებს თითოეული ჩვენი მოქალაქე, რომელიც საკუთარი ჯიბიდან იხდის საფასურს", - განაცხადა პრემიერმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner