9 თებერვალს, 17:00 საათზე, Impact Hub Tbilisi-ში საერთაშორისო სტუდენტური პროგრამა Social Impact Award-ის გახსნითი ღონისძიება გაიმართა.
Social Impact Award (SIA) არის ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, რომელიც 20 ქვეყანაში ხორციელდება. Impact Hub Tbilisi-სა და ევროპის ფონდის ერთობლივი ძალისხმევით, წელს პროგრამას საქართველოც უერთდება. SIA-ს პარტნიორია საქართველოს ბანკი. პროგრამა Social Impact Award (SIA) აერთიანებს როგორც საგანმანათლებო, ასევე კონკურსის კომპონენტს. საგანმანათლებლო კუთხით, თბილისსა და თელავში ყველა მსურველისათვის 12 უფასო ვორქშოფი ჩატარდება, ოთხ სხვადასხვა თემაზე: სოციალური მეწარმეობა, იდეის გენერირება, ბიზნესმოდელის შექმნა და ბიზნესის დაგეგმვა. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა წარმოადგინონ საპროექტო განაცხადები, რომელთაც დამოუკიდებელი ჟიური განიხილავს და მომდევნო ინკუბაციისთვის რვა ფინალისტ გუნდს შეარჩევს. პროგრამის დასასრულს, სამი გამარჯვებული გამოვლინდება, თითოეული მათგანი ფულადი ჯილდოს სახით, 2000 ევროს მიიღებს და აგრეთვე, დაესწრება SIA-ს ევროპის სამიტს ბელგრადში (სერბეთი). გარდა ამისა, ფინალისტი გუნდებიდან ერთ-ერთს ევროპის ფონდი, გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების ,შემთხვევაში, შესაძლებლობას მისცემს გრანტის სახით მოიპოვოს დამატებით 20,000 ლარი, უშუალოდ პროექტის განსახორციელებლად.
„Impact Hub Tbilisi-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია სოციალური მეწარმეობის პოპულარიაზაცია და ამ სფეროს შესახებ ცნობადობის ამაღლება საქართველოში. სწორედ ამიტომ, პირველ პროგრამად საერთაშორისო სტუდენტური პროგრამა Social Impact Award შევარჩიეთ, რომელიც საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს შეიძინონ პრაქტიკული ცოდნა სოციალური მეწარმეობის კუთხით და ჩაერთონ კონკურსში. ახალგაზრდების გააქტიურება ამ მიმართულებით, აუცილებლად შექმნის სოციალური მეწარმეების ახალ თაობას და შესაბამისად, ახალ, მდგრად სოციალურ საწარმოებს. იმისათვის, რომ პროგრამა იყოს უფრო მასშტაბური, მომავალ წელს ვგეგმავთ, ვორქშოფები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ჩავატაროთ" - აღნიშნა Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებელმა, ქეთევან ებანოიძემ.
„ევროპის ფონდი 2009 წლიდან მხარს უჭერს საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარებას და ამ მიზნით, არაერთ საქმიანობას ახორციელებს, მათ შორის, აქტიურად მუშაობს სტუდენტებთან, სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაციისათვის. ფონდმა გასული წლების განმავლობაში, პარტნიორებთან ერთად 4-ჯერ განახორციელა სტუდენტური კონკურსი, „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად", რომელშიც მონაწილეობა 400-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო, თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან. წელს კი, ევროპის ფონდი უკვე Impact Hub Tbilisi-სთან ერთად განახორციელებს Social Impact Award-ს და სათანადო მხარდაჭერას გაუწევს სტუდენტურ გუნდებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან ერთად გადაწყვეტენ სოციალური საწარმოს ბიზნესგეგმაზე მუშაობას" - აღნიშნა ევროპის ფონდის პროგრამის მენეჯერმა, ნანა გამყრელიძემ.
„საქართველოს ბანკისთვის, მნიშვნელოვანია სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა, რადგან ხელი შეუწყოს საქართველოში სოციალური საწარმოების შექმნას და განვითარებას, სწორედ სოციალურად აქტუალური საკითხების მოგვარების და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით. აქედან გამომდინარე, მოხარულები ვართ ვიყოთ ამ მნიშვნელოვანი პროექტის პარტნიორები. მოგეხსენებათ, საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და არაერთი აქტივობა განახორციელა სოციალური მეწარმეობის განვითარების კუთხით. მიმდინარე წელს ბანკის მიერ გრანტის სახით დაფინანსებული ხუთი პროექტი განხორციელდება, რომელიც არის კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული, კერძოდ, უზრუნველყოფს სოციალურად აქტუალური საკითხის მოგვარებას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებას. ვფიქრობთ, სტუდენტური პროგრამა Social Impact Award არის კიდევ ერთი ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ შეირჩეს და განხორციელდეს, კარგი პროექტები. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტში ჩართული იქნება ახალგზარდა თაობა, სტუდენტების სახით - მათი მხარდაჭერა, კი ასევე მნიშვნელოვანია. პროექტის ყველა მონაწილეს ვუსურვებ წარმატებას" - განაცხადა საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფრომა ხათუნა კაკაბაძემ.
პროგრამა Social Impact Award-ის მიმდინარეობა:
ვორქშოფები ყველა დაინტერესებული პირისთვის შემდეგ თემებზე: სოციალური მეწარმეობა, იდეის გენერირება, ბიზნესმოდელის შექმნა და ბიზნესის დაგეგმვა - (თებერვალი-მარტი)
განაცხადების მიღება - (აპრილი)
ფინალისტი გუნდების ორთვიანი ინკუბაცია - პროფესიული მხარდაჭერა - (ივნისი-ივლისი)
გამარჯვებული გუნდების შეფასება, ხმის მიცემა - (აგვისტო-სექტემბერი)
გამარჯვებულების გამოვლენა, დაჯილდოების ცერემონია - (სექტემბერი)
ევროპის ფონდის დამატებითი ინკუბაცია - (ოქტომბერი)
SIA-ს ევროპის სამიტი - (ნოემბერი)