„საგზაო უსაფრთხოების რეგულაციები მკაცრდება", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ კაჭრეთში საგზაო უსაფრთხოების შესახებ მომზადებული რეფორმის განხილვაზე განაცხადა.
თალაკვაძის განმარტებით, საუბარია ადმინისტრირების გამკაცრებაზე და იმ დარღვევებზე, რომლებიც საგზაო შემთხვევის დროს ხდება, რაც სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია.
„განიხილება მთელი რიგი ინოვაციები, მათ შორის, მნიშვნელოვანია მართვის მოწმობის გამოცდის გადატანა რეალურ მოძრაობაში, რაც უფრო საიმედოს გახდის მძღოლების საწყის ეტაპს. აქვე საუბარია ქულების შემოღების სისტემაზე, რომელიც საუკეთესო პრაქტიკაა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. საუბარია ადმინისტრირების გამკაცრებაზე, იმ დარღვევებზე, რომლებიც საგზაო შემთხვევის დროს ხდება, რაც სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საგზაო უსაფრთხოების შესახებ მომზადებული რეფორმის განხილვას დეპუტატები, შინაგან საქმეთა სამინისტროს და მესამე სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან. ამ მიმართულებით რეფორმის გატარება ხელისუფლებამ პრიორიტეტად დაასახელა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა 8%-ით გაიზარდა.