logo_geo
eng_logo
პენიტენციური დაწესებულების გარე პერიმეტრზე ამკრძალავი წესები და შეზღუდვები იმოქმედებს
- +

12 თებერვალი. 2017. 18:12



„პატიმრობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, რომლის ავტორი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროა, პენიტენციური დაწესებულების გარე პერიმეტრზე ამკრძალავი წესები და შეზღუდვები იმოქმედებს.


სამინისტროს ინფორმაციით, ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები პენიტენციური დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიიდან მუდმივად ცდილობენ კომუნიკაცია დაამყარონ დაწესებულებაში მყოფ პირებთან გადაძახილის, სხვადასხვა ნივთების გადაგდების მეშვეობით და ასე შემდეგ.

 

„აღნიშნული ქმედება განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოებას. გარდა ამისა, ადგილი აქვს პენიტენციური დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე პენიტენციური დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის ხელშემშლელი მშენებლობების მცდელობას. ყოველივე ზემოაღნიშნული გამოწვეულია სამართლებრივი რეგულაციების არ არსებობით", - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.


პარლამენტში წარდგენილი ცვლილების თანახმად, კოდექსს სპეციალური მუხლი ემატება, რომელშიც ასახულია პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლთან დაკავშირებული წესები, მათ შორის ჩანაწერი, რომ გარე აკრძალული ზოლის რადიუსი, კონკრეტული პენიტენციური დაწესებულების გარე ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, ინდივიდუალურად მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება.


ამასთან, პენიტენციური დაწესებულებისათვის, გარე ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, შესაძლებელია დადგინდეს გარე აკრძალული ზოლის რამდენიმე რადიუსი.


ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, გარე აკრძალულ ზოლში დაუშვებელია არაუფლებამოსილ პირთა ყოფნა და სატრანსპორტო საშუალების შეყვანა, გარდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების შემთხვევისა. აგრეთვე, აკრძალულია ნივთის, ნივთიერების კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირისთვის გადაცემა, გადაძახილი, პიროტექნიკის ნაწარმის, ფეიერვერკის, მომწამლავი, ადვილად აალებადი ან სხვა ნივთის შეტანა ან გამოყენება. ამასთან, გადაძახილი აკრძალულია გარე აკრძალული ზოლის მიმდებარე ტერიტორიიდან, თუ ის მიმართულია პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირისადმი.


აღნიშნული წესების დარღვევა გამოიწვევს შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. პარალელურად, ცვლილება ხორციელდება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში", რომლითაც ზემოთაღნიშნული წესების დარღვევისათვის პირს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.


პროექტის მიხედვით, გარე აკრძალული ზოლი უნდა იყოს შემოღობილი და მის საზღვრებთან განთავსდეს ამკრძალავი ნიშნები.


რაც შეეხება სამართალდამრღვევი პირის დაკავებას, პროექტის მიხედვით, გადაძახილის შემთხვევაში, სამართალდამრღვევი პირის დაკავებისა და კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების განხორციელების მიზნით, დადევნება ხორციელდება გარე აკრძალული ზოლის ფარგლებში, ხოლო სხვა შემთხვევებში, გარე აკრძალული ზოლიდან 5 კილომეტრის რადიუსში.


მნიშვნელოვანი ჩანაწერი კეთდება მშენებლობასთან დაკავშირებითაც. კერძოდ, გარე აკრძალული ზოლის მომიჯნავედ, 100 მეტრის რადიუსში, ნებისმიერი სახის მშენებლობა უნდა შეთანხმდეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან.


ამასთან, სამინისტროს თანხმობით, გარე აკრძალული ზოლის ფარგლებში, შესაძლებელია განხორციელდეს პენიტენციური დაწესებულების გამართულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული აქტივობები.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner