კლინიკაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ოპერაცია დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოში განუცხადეს, „ოპერაციამ კარგად და ბედნიერად ჩაიარა".
ბერლინის კლინიკის ქირურგის მარტინ შტრიკის ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს.
ამის შესახებ შტრიკმა ქართველ ჟურნალისტებს ოპერაციის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„ოპერაციამ კარგად ჩაიარა. პაციენტი კარგად გრძნობს თავს", - განაცხადა მარტინ შტრიკმა.
საქართველოს საპატრიარქოს მიერ 9 თებერვალს გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა. მიღებული მონაცემების საფუძველზე ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა დადასტურდა.
პატრიარქი ბერლინში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.